ალცჰაიმერის დაავადების აჩრდილი
ალცჰაიმერის დაავადებას უწინ სიბერედ განიხილავდნენ, თუმცა კი შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცალკე დაავადებაა, მედიცინაში ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსი ის გახლავთ, რომ მეცნიერები დღესაც კამათობენ და ჯერაც ვერ დაუდგენიათ: თავის ტვინი ადამიანის ორგანოა, თუ თავად ადამიანია თავის ტვინის ორგანო?!

დაბერება მხოლოდ წლების ტვირთი არ არის:
ალცჰაიმერის დაავადების აჩრდილი
დროდადრო სხვადასხვა ნივთების არასწორ ადგილას მოთავსება, მოკლევადიანი მახსოვრობა, ზუსტი დეტალებისა და ეპიზოდების ვერდამახსოვრება, ოჯახის წევრებისა და მეგობრების სახელების დავიწყება და მსგავსი სხვა პრობლემები, ეგრეთ წოდებული ალცჰაიმერის დაავადების მხოლოდ პირველადი ნიშნებია, რომელსაც როგორც წესი, თავდაპირველად ავადმყოფების ახლობლები ამჩნევენ და რომლითაც დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დასნეულებული. ამდენად, სავსებით გასაგებია ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ის ინტერესი, რომელიც მან ცნობილი მორფოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს-მდივნის რამაზ ხეცურიანის საჯარო ლექციის თემაზე "სიბერე, ასაკობრივი ცვლილებების მორფოლოგია. ალცჰაიმერის დაავადების" მიმართ გამოიჩინა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა და რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 85-ე წლისთავს მიეძღვნა.
- აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი ლექციებს ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს კითხულობდა და, მიუხედავად იმისა, რომ, იგი, როგორც წესი, დასწრებას არასდროს ამოწმებდა, მის ლექციებს არავინ აცდენდა, იმდენად საინტერესო იყო მათი მოსმენა,-თქვა შესავალ სიტყვაში თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. - ალცჰაიმერის დაავადება ის სენია, რომლის სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებით წარმატებული მკურნალობის არაერთხელ გავრცელებულმა ცნობებმა, მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპტიმისტური მოლოდინები არც ერთხელ არ გამართლდა. თუმცა კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება…
ამდენად, მორფოლოგიური ცვლილებების მიმოხილვა, რომლებიც ავადმყოფობას ახლავს, უდავოდ ძალიან საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალი მკვლევრებისთვის, ისე მომავალი სპეციალისტებისთვისაც.
- ალცჰაიმერის დაავადებას უწინ სიბერედ განიხილავდნენ, თუმცა კი შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცალკე დაავადებაა, მედიცინაში ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსი ის გახლავთ, რომ მეცნიერები დღესაც კამათობენ და ჯერაც ვერ დაუდგენიათ: თავის ტვინი ადამიანის ორგანოა, თუ თავად ადამიანია თავის ტვინის ორგანო?! - ასე დაიწყო საუბარი აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა, რომელიც ლექციის მსვლელობისას შეეხო ცოცხალი და არაცოცხალი მატერიის საკითხს ახალშობილებში, დროის რაობას, ორგანიზმის განახლების თავისებურებებს, ცხოველებსა და ადამიანებში დაბერების პროცესის განსხვავებებს, დემოგრაფიულ მონაცემთა სტრუქტურულ თავისებურებებს საქართველოსა და მსოფლიოში, დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების თემას, ადამიანის სენსორულ შეგრძნებებს, სიბერის სხვადასხვა თეორიებს, ასაკობრივი ცვლილებების მორფოლოგიურ საფუძვლებსა და სხვ.
