ქსნის ხეობის წარსულიდან
„ისინი ხან ქართლის პატრიოტული ძალების სათავეში ჩანან და თავგანწირვით ებრძვიან მტრებს, ხან უცხო და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით დაუნდობლად თრგუნავენ მეზობელ სათავადოთა და სამეფო პროგრესულ ძალებს. ვიწრო, ეგოისტური მოსაზრებებით არ ერიდებიან აშკარა აჯანყებებსაც. ერისთავთა თვითნებობას ემორჩილებოდა მათი რეზიდენციის - ახალგორის ბედიც.“

ქსნის ხეობის წარსულიდან
„ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!“
შეუპოვარი კაცი იყო შანშე ქსნის ერისთავი, XVIII საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და იმ დროის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი.
გვიანფეოდალურ ხანაში ქსნის ერისთავთა ძალაუფლება და სახელისუფლო ტერიტორია კიდევ უფრო იზრდება. სამაგიეროდ, ადგილი აქვს საქართველოს სამეფო კარზე შინააშლილობის ფაქტებს, რაც ერისთავებს, ხშირ შემთხვევაში ურჩობისა და სამეფო პროგრესული ძალების წინააღმდეგ ამხედრების საშუალებას აძლევდა. როგორც ვ. ხოცუაშვილი შენიშნავს: „ისინი ხან ქართლის პატრიოტული ძალების სათავეში ჩანან და თავგანწირვით ებრძვიან მტრებს, ხან უცხო და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით დაუნდობლად თრგუნავენ მეზობელ სათავადოთა და სამეფო პროგრესულ ძალებს. ვიწრო, ეგოისტური მოსაზრებებით არ ერიდებიან აშკარა აჯანყებებსაც. ერისთავთა თვითნებობას ემორჩილებოდა მათი რეზიდენციის - ახალგორის ბედიც.“
1703 წელს ქართლის ჯანიშინად დანიშნულ ვახტანგ მეექვსესთან შანშეს მამას დათუნა ქსნის ერისთავს კარგი ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა. 1712 წელს ვახტანგის სპარსეთში გაწვევის შემდეგ ბაქარს დათუნასთვის სახლთუხუცესობა ჩამოურთმევია, სავარაუდოდ, ერისთავის ვახტანგთან მტრული დამოკიდებულების გამო. ვახუშტი თვითონ გადმოგვცემს ერისთავებთან დაპირისპირების პერიპეტიებას: „მიზეზ-ჰყო ესე დათუნამ და უკუ დგა. ამისთვის წარავლინა ბაქარ ძმა თვისი ვახუშტი მას ზედა და მისვლასა მისსა მოკუდა დათუნა ერისთავი“. ვახუშტის ჯარი ახალგორს შესევია, რაც დათუნა ერისთავის სიკვდილის მიზეზი უნდა გამხდარიყო.
დ. გვრიტიშვილის დასკვნით, დათუნა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი იესე ქსნის ერისთავი, კლასობრივ ბრძოლას შეეწირა. დათუნა 1717 წელს გარდაიცვალა. „ხოლო ძენი მისნი წარვიდნენ კახეთს, და დაიპყრა მამული მისი ვახუშტი. არამედ შანშე, ძე დათუნასი წარვიდა წინაშე ყეენისა ყაზმინს და მეფე ვახტანგცა მიეწოდა ყეენსა მუნ წინაშე თვსსა. თავრიზიდან შთასრული შანშე ითხოვა მეფემან ვახტანგ ყეენისაგან, მოსცა და პატიმრად წარმოუგზავნა ბაქარს, ძესა თვსსა“. პატიმარყოფილი შანშე ქალაქიდან გაქცევას ახერხებს და თავის მამულში ბრუნდება. ჩანს, ახალგორი, კარგად უნდა ყოფილიყო იმ დროისათვის გამაგრებული. სწორედ აქ აფარებს თავს შანშე, რომელიც 1718 წლიდან ქსნის ერისთავად გვევლინება. იგი, თავდაცვის მიზნით, საიმედოდ ამაგრებს ქსნის საერისთავოს, მის ცენტრს - ახალგორს და აჯანყებისთვის ემზადება.