გამოფენა ეროვნულ არქივში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გახსნა

გამოფენა ეროვნულ არქივში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გახსნა.
გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისთვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების – ეფრემ II-ისა და ილია II-ის – კუთვნილი ჯვარი.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის – ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.
გამოფენა მიზნად ისახავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



