ფასდაუდებელი ღვაწლი რუდრიგერ ანდრესენისა...
ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის, არ არსებობს განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი საინვესტიციო სფერო კაცობრიობის ისტორიაში...

ფასდაუდებელი ღვაწლი რუდრიგერ ანდრესენისა...
20 წელი – საუნივერსიტეტო სწავლების სამსახურში!
ჩვენი წინაპარი უხსოვარი დროიდან, ყოველ დილაუთენიას, მადლიერების გამოხატვით იწყებდა და საკუთართან ერთად, უცხოთა მშვიდობას და სიკეთეს ავედრებდა უფალს!
მშვიდობა იდგა და ბედნიერი ადამიანებიც მრავლობდნენ ქვეყანაზე მაშინ.
გამოხდა ხანი, ფერი იცვალა სამყარომ, მასთან ერთად ადამიანებმაც!
ვერც ჩემი სამშობლო გადაურჩა ჟამთა სიავეს. განსაკუთრებით დამოუკიდებლად არსებობაში ახალფეხადგმულ საქართველოს შეეხო იგი საგანგებოდ მტკივნეულად.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენების ანალიზი არ არის ჩვენი საუბრის თემა, მაგრამ მას გვერდს მაინც ვერ ავუვლით. მომსვლელ-მომკითხავი საქართველოს არ აკლდა მაშინ, რაც სტუმართმოყვარე ქართველს თავიდან დიდ სიხარულს ანიჭებდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც მას წარმოედგინა:
უამრავ განსაცდელთა შორის, რთული და ძნელად ამოსაცნობი გახდა სტუმრად მოსული, მტერი და მოყვარე.
ქვეყანაში არსებული სამართლებრივი დეფიციტის და კრიმინალური ელემენტების სიჭარბის მიუხედავად, თბილისის აეროპორტში საქმიანი სტუმრების მოზღვავება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სახელმწიფო და კერძო საინფორმაციო სშუალებები ხარბად აშუქებდნენ "საქართველოს ასაშენებლად" ჩამოსული უცხოელი „ბიზნესმენების“ გეგმებს, რომელთა განხორციელებას, თითქოს წინ არაფერი ედგა, გარდა მასპინძლის თანხმობისა, მაგრამ...?
– სწორედ ამ დროს, მრავალთა შორის, გამოჩნდა კაცი, რომელსაც არც ფული და ოქრო-ვერცხლი ჩამოუტანია საქართველოში და არც ქვეყნის აშენებას შეპირებია ვინმეს, არამედ იმ დროს ყველასგან მივიწყებული, აბუჩად აგდებული „წიგნისკენ!, განათლებისკენ“! მიანიშნა დამხვდურებს!
არადა, იმ დროს უზომოდ მომრავლებული „უნივერსიტეტების“ და „აკადემიების“ ქვეყანაში, ერთი შეხედვით პროვოკაციას უფრო ჰგავდა „წიგნსა და განათლებისკენ მინიშნება, სხვა უცხოელების წინადადებებთან შედარებით და განწირული ჩანდა იგი, მაგრამ დრომ და ოცი წლის მანძილზე დაუღალავმა შრომამ არნახული შედეგი გამოიღო!



