თქვენთვის, ვისაც გიყვართ ქართული ღვინო
"ვაჰ, სოფელო"!.. "ეგება წაღმა ვიფიქრო, ქვეყნის უკუღმა ტრიალი"... თქვენთვის, ვისაც გიყვართ ქართული ღვინო
ავტორი
თეიმურაზ ქორიძე

"ვაჰ, სოფელო"!..
"ეგება წაღმა ვიფიქრო, ქვეყნის უკუღმა ტრიალი"...
თქვენთვის, ვისაც გიყვართ ქართული ღვინო
და, რა თქმა უნდა, თქვენთვის, ვისთვისაც ქართული ვაზი ღვიძლ შვილზეც არანაკლებ საფერებელია.
მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი ვაჟას უკვდავი სიტყვები - „დამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო, ქვეყნის უკუღმა ტრიალი...“ გპირდებით, ამ სიტყვებისა და, რა თქმა უნდა, გენიალური ქართული პურმარილის გახსენება, კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ და წინ რომ გელოდებათ, იმ საკმარისზე მეტად მოსაწყენი ტექსტის ბოლომდე ჩაკითხვასაც გაგიადვილებთ.
არაფერი ახალი და უჩვეულო - პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის მიერ 24 აპრილს გამოცემული ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის“ შესახებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და არა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი.
დოკუმენტის პირველივე მუხლში განსაზღვრულია მისი მიღების მიზანი: „ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების უზრუნველყოფა ხარისხობრივად და რაოდენობრივად დაბალანსებული, კონკურენტუნარიანი სანედლეულო ბაზით.“ გარკვევითაა ნათქვამი ისიც, რომ „წესი“ ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც განზრახული აქვთ სამეწარმეო ვენახის გაშენება ან არსებულის აღდგენა-განახლება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ბრძანებაში საუბარია არა, ზოგადად, ვენახის გაშენებაზე, არამედ, სამეწარმეო, ანუ ღვინის ქარხანაში გადასამუშავებლად ჩასაბარებელი ყურძნის მოყვანაზე. შესაბამისად, „წესი“ ემსახურება ყურძნის ხარისხის ამაღლებას ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ბაზარზე მისი მოთხოვნის გაზრდისთვის.
მე თუ მკითხავთ, გერმანულ, ესპანურ, უნგრულ, პოლონურ, რუმინულ, მოლდოვურ, იტალიურ, ბერძნულ და თვით ფრანგულ ღვინოებსაც კი მშობლიური ქართული მირჩევნია. თუმცა, როგორც ჩანს, მეგობარი ევროპა-ამერიკელები ასე არ ფიქრობენ. რა გაეწყობა - თუ ქართული ღვინის ექსპორტზე სერიოზულად ვფიქრობთ, უცხოელი მეგობრების მოთხოვნები, მათი სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ და საექსპორტოდ გამიზნული რქაწითელი თუ საფერავი უნდა „გავაევროპულოთ“.


