ქართველთა დიდი დღე
9 აპრილი - ქართველთა დიდი დღე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების საქართველოს ისტორიის ერთობლივი ლექტორიუმი

9 აპრილი - ქართველთა დიდი დღე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის
და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების
საქართველოს ისტორიის ერთობლივი
ლექტორიუმი
2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთიფანიძის საზოგადოების საქართველოს ისტორიის ერთობლივი ლექტორიუმის მესამე სხდომა გაიმართა.
ლექტორიუმზე საჯარო ლექცია "1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა. ლექტორიუმი გახსნა გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა სურგულაძემ, რომელმაც თავის შესავალ სიტყვაში აღნიშნა:
"1991 წლის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს დღე ერთ-ერთი უდიდებულესია ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში. მან ხომ, ჩვენი ქვეყნის მეორე დამოუკიდებლობას დაუდო სათავე. მანამდე, 2 წლით ადრე კი იყო სულ სხვა ტკივილიანი და სევდიანი 9 აპრილი. თუმცა მაშინ, იმ დიდმა ტკივილმა დიდი ერთიანობაც მოიტანა და ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დომინანტი იდეით გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ სავალ ურთულეს გზას დაადგა. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, მარტო ამ დიდი თარიღების მოახლოებისას კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ, ჩვენს მოქალაქეებს სულ უნდა შევახსენოთ, რომ მათ ქვეყანას აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების სერიოზული გამოცდილება. მთავარია, გავითვალისწინოთ ჩვენი წინამორბედების მიერ ადრე დაშვებული შეცდომები და თავიდან ავიცილოთ ამ შეცდომების კვლავ გამეორება. ამის გაკეთებაში უნდა დაგვეხმაროს ჩვენი ისტორიული მეხსიერება, ქართველის ხალხის მიერ განვლილი ისტორიული გზა. ჩვენ უნდა შევძლოთ სწორად აღვიქვათ ისტორიის განვლილი გაკვეთილები და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. დიახ, ისტორიამ რაღაც უნდა გვასწავლოს! სწორედ ამ საქმეში ცდილობს წვლილის შეტანას ჩვენი ლექტორიუმი“.
ლექტორიუმის გახსნის შემდეგ მიკროფონი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, კონსტანტინე გამსახურდიას დაეთმო.
"ორი ცხრა აპრილი არსებობს. პირველი - 1989 წლის 9 აპრილი არის ტრაგედიის დღე, რომელსაც, რატომღაც, უფრო აღნიშნავენ. მეორე - 1991 წლის 9 აპრილი არის დღე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. იმ პირობებში, როცა სხვა საბჭოთა რესპუბლიკები მხოლოდ უფლებების გაზრდას ითხოვდნენ და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ვერც კი ბედავდნენ, საქართველო იყო რიგით მეორე რესპუბლიკა, ლიეტუვის შემდეგ, რომელმაც, ეროვნული მოძრაობის დიდი ძალისხმევის შედეგად, პირდაპირ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“.
კონსტანტინე გამსახურდიამ დეტალურად ისაუბრა და განიხილა ის მოვლენები და წინაპირობები, რომლებიც წინ უძღოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ასევე, მიმოიხილა ის პროცესები, რომლებიც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ განვითარდა.
საჯარო ლექციის შემდეგ მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს. ამის შემდეგ კი გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები დიმიტრი შველიძე და ოთარ ჯანელიძე, ზვიად გამსახურდიასდროინდელი უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ემზარ გოგუაძე და ალეკო ახვლედიანი. ლექტორიუმის მონაწილეების კმაყოფილება გამოიწვია დისკუსიაში ახალგაზრდა მკვლევრების იური ვეკუასა და ნათია ფუტკარაძის ჩართვამ.
საჯარო ლექციის შედეგები შეაჯამა ლექტორიუმის ხელმძღვანელმა, პაატა სურგულაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ერთობლივ ლექტორიუმს თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიის სიღრმისეულად გაანალიზებისა და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციის საქმეში. მეცნიერმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მის ხელმძღვანელს, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას გადაუხადა. მანვე დააანონსა, რომ, ლექტორიუმის მორიგი სხდომა, მაისის ბოლოს გაიმართება და 1918 წლის 26 მაისის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მიეძღვნება.
გრიგოლ ლორთქიფანიძის
საზოგადოების პრეს ცენტრი