
ქსნის ხეობის წარსულიდან
აღდგომის მძიმე დღე ოძისში
ბევრ ტრაგიკულ, ისტორიაში ტკივილად შემორჩენილ ფურცელს ინახავს ქსნის ხეობის მრავალსაუკუნოვანი მატიანე, მათ შორის აღსანიშნავია, ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გამოცემა „სახალხო გაზეთის“ 1912 წლის 1 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატია „მდინარის მსხვერპლნი“, რომელიც იმავე წლის 24 მარტს აღდგომის შაბათს, ღამით დატრიალებულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. როგორც წერილის დასაწყისში ავტორი ა. დარეჯანაშვილი აღნიშნავს: თბილისიდან კასპში ამოსულან ოძისის მცხოვრებნი: „დედა, გათხოვილი ქალი, ოთხი წლის ბავშვი (ქალი) ფარჩუკაშვილები და ერთიც ქმრიანი ქალი პავლიაშვილისა. მათ კასპის სადგურზე ურმით დახვედრიან ბებრის სიძე და გათხოვილი ქალის ქმარი“.
შუადღისით, 12 საათზე, მგზავრები კასპიდან ოძისის მიმართულებით წასულან. ლამისყანაში ნათესავებთან შეჩერებულან. რადგან უკვე საღამო იყო, ახლობლებს უთხოვიათ დარჩენილიყვნენ „რადგანაც მდ(ინარე) ქსანი წვიმების გამო ძლიერ ადიდებული ყოფილა. მგზავრებს უარი განუცხადებიათ და გასდგომიან გზას. როდესაც მისულან მდ. ქსნის ნაპირას, კაცები შეშინებულან, იმ ბნელ ღამეს წყალში შეუძლებელი ყოფილა გასვლა. ბებერს ჩხუბი აუტეხნია კაცებისათვის, რაღა კაცები ხართო ამ წყალშიაც კი ვერ გაგიბედნიათ გასვლაო. მე ვერასგზით ვერ დავრჩებიო გაუსვლელი, რადგანაც ლიტონიაზე მინდა დავესწროვო“.
კამათისა და მითქმა-მოთქმის შემდეგ კაცებს წყალში შესვლა გაუბედიათ. იმ ღამეს ქსანი ორ ტოტად მოედინებოდა თურმე... პირველი ტოტი მშვიდობიანად გადაუვლიათ. „მეორე პატარა ტოტში რომ შესულან, საქონელს ვერ აუტანია ურემი, დაუქვეითებია, წყალს ძალა დაუტანებია და გადაუბრუნებია... საქონელს თავის თავისთვის უშველნია, კაცები ბევრი წვალების შემდეგ ძლივს გამოსულან ცოცხალ-მკვდარი; სამი დედაკაცი და ერთი ქალი წყალს უმსხვერპლნია“.
მთელი ოძისი ფეხზე დამდგარა ამ საშინელი ამბის გაგების შემდეგ, „ყველანი ჩაცვივდნენ წყალში, დაუწყეს მკვდრებს ძებნა“. იმ ღამეს მხოლოდ მოხუცი ქალი და მისი შვილიშვილი იპოვეს, აღდგომის დილით კი ორი ქმრიანი ქალის გვამსაც მიაკვლიეს. ხუთი ცხედარი დაასაფლავეს ოძისელებმა: „ერთი იქაური მღვდლის 12 წლის მოსწავლე ქალი, ორი დედაკაცი და ერთი ბავშვი ერთ ოჯახიდან, და ერთი დედაკაცი მეორე ოჯახიდან. აღდგომის დღეს... ოძისელებმა იგლოვეს მთელი დღე“...
ვიღას ახსოვდა ლიტანიობა, ყველას ნამტირალევი სახე ჰქონდაო - წერდა ავტორი, რომელიც მსგავსი უბედურების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას სთავაზობდა, წყალდიდობის დროს, მდინარის სიახლოვეს თითო ყარაული მაინც დაეყენებინათ. მაგალითისთვის ზაქათალის ოლქი მოჰყავს, სადაც „იქაური ოლქის უფროსის განკარგულებით ყოველ წელს წყალდიდობის დროს თითო მდინარეზედ აყენებენ სამ ოთხ ყარაულს, წყალში გამსვლელ-გამომსვლელისთვის მისაშველებლად“.
„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - გვაუწყებს ხალხური სიბრძნე და პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ურმის გადაბრუნების შემდეგ, დარეჯანაშვილის მითითებული ეს გზა, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები უნდა ყოფილიყო იმ დროისთვის.
მისტიკური ყელის ტბა
ყელის ტბა მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან დაშორებულია 2914 მეტრით, სარკის ფართობი 1, 28, აუზის ფართობი 2 9, 9 კვ.კმ.-ს შეადგენს. ტბის სიგრძე - 2731, სიგანე - 1216, ხოლო მაქიმალური სიღრმე 63 მეტრია. წელიწადის უმეტესი ნაწილი (7-8 თვე) ყინულითაა დაფარული. ტბაში თევზი არ ბინადრობს. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით.
ქსნის ხეობის მკვლევარის, ისტორიკოს ვიტალი ქენქაძის აღწერით „ტბის წყალი მტკნარია, ძლიერ ცივი, სასიამოვნო გემოსი და ზურმუხტის ფერისაა... ტბის შემოგარენი და მდინარე ქსნის სათავეები საუკუნეების განმავლობაში ქსნის ხეობელთა ცხვარ-ბატკნის საუკეთესო და ყუათიან საძოვრებადაა მიჩნეული“. ზემოთ ნათქვამს ეხმიანება 1918 წლის 5 ივნისის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის „ქართლში გადმოსავალი გზები კავკას(იის) მთებზე“ პროლოგი: „უწინ ამ, გზების დარაჯათ ქართველი მოსახლეობა ყოფილა, ახლა კი იქ ქართველი აღარავინ სცხოვრობს, გარდა მეცხვარეებისა, რომლებსაც ორი თვის განმავლობაში აქ ცხვარი უყენიათო“.
არაერთი საინტერესო თქმულება შემოგვინახა ქართულმა ფოლკლორმა, მათ შორის ყელის ტბასთან დაკავშირებული. ქსნური ზეპირსიტყვიერების მიხედვით, ყელის ტბის მიდამოებში უცხოვრია ერთ მეცხვარეს, რომელიც ნაყოფიერ ალპურ საძოვრებს ცხვრის გამოსაკვებად იყენებდა. ერთი ნაკლი ჰქონია ძველად ამ ადგილს - უწყლოობა. დაუკრავს წერაქვი მწყემსს და წყალს ჯერ ჟონვა დაუწყია, მერე მძლავრად ამოხეთქილა. შეშფოთებულ მეცხვარეს წყლის შესაკავებლად სიპის ქვა დაუდვია. საჭიროების შემთხვევაში აიღებდა სიპს, ცხვარს წყალს დაალევინებდა და ისევ დააფარებდა.
ერთ დღესაც, მოუცლელობის გამო კაცს ცოლი გაუგზავნია სამწყემსურში. დავიწყნია ქალს ჭისთვის სიპის დაფარება. „გათენდა მეორე დილა და ჰოი საკვირველება... ღამით იმდენი ედინა წყალს, რომ მთელი ის უზარმაზარი ტაფობი... დაეფარა, მთათა შუა ყელი მოენახა და ეწყო დენა. ყორის ქვით ნაგები ბაკები აღარსად ჩანდნენ. ცხვარს კი საშიშროებისთვის თავი დაეღწია და ნოტო-ნოტო დაქსაქსულნი, მაღალი მთის ფერდობებზე გაჩერებულიყვნენ“. ასე გაჩენილა ყელის ტბა, საიდანაც იწყება ქსნის ხეობა.
ლეგენდა ლეგენდად რჩება, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა გაზეთ „საქართველოს“ ზემოთ ხსენებულ ნომერში ანონიმი ავტორის მონათხრობი... როგორც იგი „ედისის გადასავალზე“ საუბრისას აღნიშნავს, „ამ გზით ამ თხუთმეტი წლის წინათ (დაახლოებით 1903 წელს - დ.ა.) გრაფინია უვაროვისა გადმოვიდა პატარა ეტლით, რომელიც ალაგ-ალაგ დაეშალათ და ისე ხელით გადმოეტანათ, ამ გზით ხეების ძელებს სარებით გადიტანენ ხოლმე პირიიქით ოსებისგან. ეს გზა უერთდება სადგურ კობს, - სამხედრო გზაზე“. მანამდე კი, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების ცხენოსანი რაზმი შეუწირავს მისტიკურ ყელის ტბას: „ამ გზით გადმოვიდა ამ ასი წლის წინად რუსების ცხენოსანი რაზმი ზარბაზნებით, რომელიც შემთხვევით ყინულ გადაკრულ ყელის ტბაში დაიღუპა. მგონი მაისის თვე იყო, ჯერ ისევ ყინულგადაკრული ტბა თოვლით იყო დაფარული. გზის მაჩვენებელი მოსტყუვდა, ზედ შეაყენა რაზმი, ყინული ჩაიმტვრა და დაიღუპა“.
რუსების ყელის ტბის მიდამოებში გამოჩენა 1804 წლის მთიულეთის გლეხთა აჯანყების პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. აჯანყებამ მოიცვა ხევი, მთიულეთი, ქსნის ხეობა, ანანური და დუშეთი. აჯანყებულები რუსეთის კოლონიური პოლიტიკისა და გლეხების მიმართ გამოჩენილი სასტიკი დამოკიდებულების გამო გამოთქვამდნენ პროტესტს. აჯანყებულთა ჩასახშობად რუსეთიდან დამატებითი ჯარები გამოიხმო წარმოშობით ქართველმა სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწემ, ასტრახანის სამხედრო გუბერნატორმა და საქართველოს მთავარსარდალმა, ინფანტერიის გენერალმა პავლე ციციანოვმა. 3 000 მეომარი და 30 ქვემეხი აღმოჩნდა გარუსებული ქართველის განკარგულებაში გენერალ ნესვეტაევის ხელმძღვანელობით. 19 ოქტომბერს ანანურში შეერთებულან ნესვეტაევისა და კავკასიის მთავარმართებლის ჯარები. მთიულთა წინააღმდეგობის გატეხვის შემდეგ ციციანოვი ლიახვის ხეობაში შეჭრილა... სავარაუდოდ, სწორედ ამ რუსული დამსჯელი რაზმის ნაწილები შთაუნთქვავს ყელის ტბას.
თოკზე ჩამომხრჩვალი იმედი
ქსნისხეობელი გლეხის შეჭირვებული ყოფის ერთი საბედისწერო მომენტია აღწერილი 1897 წლის 29 ნოემბრის „ივერიაში“, რომელიც სოფელ მონასტერში მცხოვრებ ოჯახზე მოგვითხრობს: „ს. მონასტრის (ლარგვისის - დ.ა.) საზოგადოებაში სცხოვრობს ერთი საწყალი „მთიული“ - ხელმარტო, ცოლის ანაბარა. ცოლს წინა დღეებში ქმართან ლაპარაკი თურმე ჰქონია თავისის ოჯახის სიღარიბის შესახებ. უთხრა თურმე ცოლმა: გადი გარეთ, შენის ოფლით შემოიტანე ან პური, ან ქერი, ამ ზამთრით თავი დავირჩინოთო. ერთი თუმანი გვაოხრია, „ფოჰტის“ ფულში წაიღებენ, მშივრები ამოვიხოცებით, მეც მომწყინდა სიღარიბე, მეტი აღარა შემიძლიაო.
ქმარს ბევრი უნერვიულია. ახლო-მახლო რთული ყოფილა ოფლით ლუკმა-პურის შოვნა და შორსაც არ შეეძლო წასვლა. ბოლოს უფიქრია, მეზობლებში ხელს გავიმართავ, ცოტას ჩემი თუმნითაც ვიყიდი და ზამთარს გადავიტანთო, მაგრამ სოფელში ბეგარის აკრეფის დროს მოხელეებს, რაც ჰქონდა, ის ფულიც წაურთმევიათ. საწყალი კაცი მეორე დღეს ტყეში წასულა შეშის მოსატანად და სახლში დაბრუნებულს ცოლი თოკზე ჩამომხრჩვალი დახვედია...
ამაგდარი ერისკაცი და „ჯოხის ფული“
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კარალეთი შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს, გორიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 8 კილომეტრითაა დაშორებული.
ამ ისტორიული სოფლის განვითარებას, მის ეკონომიკას, კულტურას დიდი ამაგი დასდეს აქ მცხოვრებმა ქსნის ხეობელმა მებატონეებმა. სოფლის ამაგდარ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ კარალეთის უკანასკნელი მებატონე მიხეილ ერისთავი. იგი იყო რევაზ და ნინო ერისთავების ვაჟი. იმ რევაზ ერისთავის, რომლის კოზლოვის შეშლილის თარგმანსაც ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა 1860 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“, რასაც მოჰყვა 1861 წელს „ცისკარში“ ბარბარე ერისთავი ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები...
კარალეთში, ერისთავების საგვარეულო სასახლეში დაბადებულა რევაზის ვაჟი მიხეილი 1861 (ან 1862) წელს. დაწყებითი განათლება კერძო პანსიონატში მიუღია და სწავლა უკრაინაში, უმანის სასწავლებელში გაუგრძელებია, რომლის დამთავრების შემდეგ იღებს პირველი თანრიგის ატესტატს. უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებული ცდილობს თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი კარალეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას მოახმაროს. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობები მიხეილს საშუალებას აძლევდა თავის ქვეყანაშიც გამოეყვანა ხეხილისა და ვაზის სხვადასხვა ჯიშები.
„მიხეილ ერისთავი იყო პირველი, რომელმაც გორის მაზრაში ამერიკული ჯიშის ვაზის საძირეთა სადედე შექმნა და სანერგე მეურნეობაც მოაწყო. კარალეთში სუფრის ყურძნის ქართული და უცხოური სახეობები გააშენა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა. მიხეილ ერისთავმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში დიდი პომოლოგიური ბაღის შექმნას, თოთხმეტ დესეტინა ფართობზე გააშენა ხეხილის ყველა ინტროდუცირებული ჯიშის სახეობა. ნერგები და სანამყენე მასალა მიხეილს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოქონდა და ამ საშვილიშვილო საქმით ხელს უწყობდა ჩვენში გავრცელებული ხეხილის კულტურათა გამდიდრებას".
მიხეილმა კარალეთში მოაწყო წყალზე მომუშავე სალეწი მანქანა, ზრუნავდა მეფუტკრეობის განვითარებაზე და ჰყავდა ფუტკარი კარალეთსა და ღვარებში, დარგის განვითარებისთვის კონსულტაციებს იღებდა იმ დროისთვის კარგად ცნობილი რუსი მეფუტკრე ტოხომოროვისგან.
მიხეილს სოფელში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაზეც უზრუნია და კარალეთში შვეიცარიული ჯიშის ძროხები მოუშენებია, რძეს გორში ამუშავებდნენ. ასევე მოუშენებია ტამბოვის საბეკონე ჯიშის ღორები, გაუმრავლებია ე.წ. ბრინჯაოს ინდაურები, ხოლმოგორული ბატები, სხვადასხვა ჯიშის ქათმები.
გარდა ამისა, ძალიან გულმოწყალეც ყოფილა კარალეთის ბატონი. „ისეთი მოწყალე ბატონი გვყავს, აი სახლები იმისია, გორაზე რომ დგას, რომა შეწუხებული კაცი რომ ნახოს პირიქით თავისას დააყრის და მოგცემს. მერე ეხლა რაც ბატონიშვილი მოვიდა სწავლიდამ... აბა შენ თქვი! ისეთი კართოფილი მოჰყავს რო შენი მოწონებული. რას არა მუშაობს. თავის ხელით ჰყიდის ხოლმე გორის სასწორზე ყველაფერსა. ღმერთო ისეთი ღვთისნიერი ადამიანია!
ჩვენ მაგის ხელში სულ არა გვიშავს-რა. ისე ტკბილად, ძმურად გვექცევა, ისე ყველაფერი ემეტება ჩვენთვინა, რომ ძმა ძმისთვინ არ გაიმეტებს და მამა შვილისთვინა“. „დროებაში“ გამოქვეყნებული კარალეთელი გლეხის ეს სიტყვებიც მოწმობს მათი ბატონის გულმოწყალებასა და შრომისმოყვარეობას.
სოფლის მეურნეობის გარდა, მიხეილ ერისთავი სხვა საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, მას გუბერნიის მდივნის თანამდებობა ეკავა. ჰყავდა უაღრესად განათლებული მეუღლე, გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილის ქალიშვილი ელენე. კარალეთში ერისთავების სასახლეს ამშვენებდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელშიც გაეცნობოდით როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურას. ელენე მუდმივად აახლებდა და ავსებდა წიგნად ფონდს უცხოეთიდან გამოწერილი ახალი გამოცემებით. თბილისის ცენტრალურ საისტორიო არქივში მუშაობისას პირადად გავეცანი 1814 წლის ქსნის საერისთავოს აღწერას, რომელსაც წინა ყდის შიდა მხარეზე მიწერილი აქვს:
„ქართლი. ს. კარალეთი (ნაჭარმაგევი), მიხეილ ერისთავის წიგნებიდან.
გ. ბოჭორიძე.
1924 წ. დეკემბრის 7-ს“.
ერისთავების ბიბლიოთეკით სარგებლობდა მაშინდელი ქართული არისტოკრატია. ელენე ევროპიდან იწვევდა მასწავლებლებს შვილების აღსაზრდელად. ერისთავებმა კარალეთსა და გორში ჩამოაყალიბეს კულტურის ახალი ცენტრი, ლიტერატურული კერა. აქ გამართულ სალონურ საღამოებში მონაწილეობდნენ მაშინდელი ქართული ელიტის წარმომადგენლები, მწერლები, მხატვრები, მომღერლები. საგინაშვილის ქალი თვითონ მუსიკოსი ყოფილა და სალონურ საღამოებზეც ასრულებდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის ნაწარმოებებს.
ხელოვნების ნიმუში იყო კარალეთის ცენტრში გორაკზე აგებული ერისთავების დიდებული სასახლე, რომელზეც მოგვითხრობს ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის წარმომადგენელი ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავი: „დიდი სასახლე იყო კარალეთში, თოთხმეტი დიდი ოთახი, რომელსაც ერტყა გარშემო გალავანი... მაღალი კიბე ასავალი და პერედნია, სადაც დგას დიდი შკაპი დიდძალი ჭურჭლეულით და მინეულობით. დგას დიდი სავარძელი, რომელზედაც მომსვლელნი აწყობენ თავიანთ გახდილ პალტოებს. მერე შეხვალთ დიდ ზალაში სადაც თავსა და ბოლოს ფეჩებია, ფანჯრებთან სტოლები და სარკეები, მაგიდაზე ვერცხლის კანდელაპრები და იქავ ყანწები დიდი ვერცხლში შეჭედილი ჯაჭვებით შემკული ვარაყიანი. ზედ აწერია, რომ სოლომონ მეორის ნაქონია. თავით და ბოლოს დიდი ქართული ტახტები ხალიჩებით მორთული. შუაში დიდი სტოლი, დიდი შუშაბანდი, სადაც დილ-დილობით ყმაწვილები ვსვავთ ჩაის. თვალსაჩინოდაა მორთული სასტუმრო ოთახიც, სადაც ჰკიდია მშვენიერი სურათი დიდი თამარისა, მეორე კედელზე უკვდავი რუსთაველის სურათი. ზემოთ ხატები ასვენია 2 ფანჯარასთან. კანკელი სადაც ანთია მუდამ სანთელი. იქვეა დიდი, მშვენიერი ღვთაების ხატი ანასტასია ბატონიშვილისაგან პეტერბურგიდან გამოგზავნილი, აგრეთვე ნაწილები ვერცხლის ბუდეში და ხავერდში ჩასმული, რომელიც ნაკერია თვალმარგალიტით.“
ელისაბედის მოგონება საუკეთესოდ ახასიათებს ერისთავების სასახლესაც და საუკეთესოდ წარმოგვიჩენს კარალეთის ეთნოგრაფიულ ყოფასაც. სასახლე იყო ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მიხეილი და მისი ქველმოქმედი, კულტურული ოჯახი დიდი სიყვარულით სარგებლობდა კარალეთელ გლეხებში. ამ მხრივ საყურადღებო ცნობა შემოგვინახა 1905 წლის „ცნობის ფურცელმაც“:
„23 მარტს შუა სოფელში ცეცხლი გაჩნდა, მაშინვე ასტყდა განუწყვეტელი ზარის რეკვა . ხალხის წივილ-კივილი, ბღავილი და ყეფა ოთხფეხთა. მომეტებული ნაწილი ხალხისა ბეგარაზე იმყოფებოდა. დანარჩენი ბაღ-ვენახებს იყო მოდებული. საბედნიეროდ, მშველელად მოევლინა სოფელს თავადი მ. რ. ერისთავი, რომელიც სასწრაფოდ მიიჭრა თავის მოსამსახურეებით. მამასახლისი ილია ბუხრაძე გაშმაგებით ებრძოდა ცეცხლს. თორმეტი კომლი ამოიბუგნენ თავიანთი სარჩო საბადებელით, რომელთაც თავადმა მ. რ. ერისთავმა, სხვა დახმარების გარდა, აღმოუჩინა შემწეობა ჭირნახულით, თქვენი მტერი, რომ ერისთავი და მამასახლისი არ შესწრებოდნენ იმ განწირულებს.“
2008 წლის 25 ივლისს კარალეთში სტუმრობისას ვ. ქენქაძეს ჩაუწერია 1933 წელს დაბადებული მიხეილ ვახტანგის ძე ვაზაგაშვილის მონათხრობი: „ბატონი (მიხეილ ერისთავი - დ.ა.) ხშირად ეტყოდა ხოლმე თავის მოურავს, საღამოს გახედე, რომელ სახლიდანაც სინათლე არ გამოდის, ნავთი მიუტანეო“.
სამწუხაროა, რომ ამაგდარ ერისთავებს სიკეთის დაუნახავიც ბევრი ჰყავდათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში მძიმე დღეების გადატანა მოუხდა სოფელს ქართლში გაჩაღებული რევოლუციური მოძრაობის გამო. კარალეთი მოვლენების ეპიცენტრში მოექცა. 1902 წელს გლეხები ერისთავს საძოვრების გამო უპირისპირდებიან. გორის მაზრის უფროსი მეამბოხე გლეხებს აპატიმრებს. მოგვიანებით მათ რუსეთში გადაასახლებენ. სამი წლის შემდეგ ქართლელი გლეხების კიდევ ერთი გამოსვლა მოეწყო მებატონეთა წინააღმდეგ.
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუშაობისას მოვიძიე ორი ფრიად საყურადღებო ცნობა, რომელიც ქალბატონ როზა ადუაშვილს კარალეთში ჩაუწერია, მთხრობელი ძველი რევოლუციონერი არტემ სუხიტაშვილი გახლდათ, საბჭოთა პერიოდში ასეთი ხალხის მონაყოლს სხვა ფასი ჰქონდა... „მნიშვნელოვანია რევოლუციური აღმავლობა სოფელ კარალეთში. წითელრაზმელების დევნაში ერისთავს ეხმარებოდა თავისი მოურავი სისაური, რომელიც ეროვნებით ოსი იყო. მოსახლეობას იგი არ უყვარდა, რადგან დაუნდობლად ექცეოდათ მათ. ხალხს ძარცვავდა, თავად კი მდიდრულად ცხოვრობდა.
წითელრაზმელებმა კარგო ჩუხრუკიძემ, არტემ სუხიტაშვილმა და ვასო გურგენაშვილმა გადაწყვიტეს სისაურის მკვლელობა, რომელიც მოწინავე ადამიანებს აბეზღებდა. გადაწყვეტილება სისრულესი მოიყვანა კარგო ჩუხრუკიძემ. მიხეილ ერისთავმა თბილისიდან გამოითხოვა დამსჯელი რაზმი. მათ მთელი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს, ერთად შეაგროვეს, შემდეგ ალყა შემოარტყეს და მოითხოვდნენ მკვლელის დასახელებას. აქ იკვეთება სოფლის მოსახლეობის ერთსულოვნება და სულისკვეთება, როდესაც მკვლელის ვინაობა ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ დაასახელა, თუ ვინ მოკლა სისაური. დამსჯელმა რაზმმა სოფლის მოსახლეობა მდინარე ფშანში ჩააყენა ზამთარში, იანვარში და დაჟინებით მოითხოვდნენ მკვლელის დასახელებას. მოსახლეობამ სიცივეს ვერ გაუძლო, ზოგი ავად გახდა და მოკვდა. მიუხედავად ამისა, მკვლელი მაინც არ დაასახელეს.
ხალხი თავს იკავებდა, რევოლუცია კი უკვე მოახლოებული იყო. სწორედ ასეთი გმირობა გამოიჩინა კარალეთის მოსახლეობამ, დაფარეს წითელრაზმელები, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ“.
„1905 წელს რევოლუციის დამარცხების შემდეგ გაძლიერდნენ რევოლუციური ძალები. წითელრაზმელები განიცდიდნენ სასტიკ დევნას. ისინი მიუხედავად ამისა მაინც გაბედულად მოქმედებდნენ. ფარულად მოწინავე იდეებს ავრცელებდნენ სოფლის მოსახლეობაში, ასწავლიდნენ ბრძოლის ხერხებს, თავის დახსნის საშუალებებს, უხუცესი კომუნისტი არტემ სუხიტაშვილი მოგვითხრობს, რომ სოფელი კარალეთის მოსახლეობა ძალიან ცუდად ცხოვრობდა. არ ჰქონდათ წესიერი ბინები, ცხოვრობდნენ ალიზის ბინიან სახლებში, რომელიც ჩადგმული იყო მიწაში. მამაკაცებს ღვინის დალევის უფლება არ ჰქონდათ. თუ მებატონე გლეხს ჯოხს დაარტყავდა და ჯოხი გაუტყდებოდა, გლეხს ფული უნდა გადაეხადა ჯოხის საფასურად.
ხალხი ღელავდა, ვერ ურიგდებოდა უსამართლობას. ადგილობრივი მებატონეები დამსჯელი რაზმებით აკავებდნენ გლეხებს.
მებატონე ერისთავებმა მეფის რუსეთს მოსთხოვა 60 ყაზახი. ისინი შედიოდნენ სახლებში, აირჩევდნენ ცხვრებს, ძროხებს, ქათმებს და პროდუქტებს. მებატონე გლეხების დასამორჩილებლად იყენებდნენ მოურავებს. ერისთავს მოურავად ჰყავდა ჯერ სანდრო ბიბილაშვილი, შემდეგ კი გიო ბიბილაშვილი.
გიო ბიბილაშვილმა ერისთავს პირობა მისცა, რომ გადასახადს თვითონ აკრეფდა, ოღონდ თუ 10 კოდი პურიდან 1 კოდს მას მისცემდნენ, 100 მანეთიდან 10 მანეთი იმისი იქნებოდა.
ერთხელ გიო ბიბილაშვილი, სოფლის მამასახლისი, გზირი და მზიდავი ათ ყაზახთან ერთად წავიდნენ სოფლის ღალის ასაკრეფად. ისინი ყველაფერს იტაცებდნენ რაც კი მოხვდებოდათ. დარბევის დროს მათ წინააღმდეგობა გაუწია საქია ბუდედაშვილმა, სთხოვა დაეცადათ და ნაწილს მერე მისცემდა. გიომ კი გინება დაუწყო. საქიამ ვეღარ აიტანა შეურაცხყოფა და დანით მოკლა მოურავი.
ყაზახებმა ვერ გაიგეს მოკვლის მიზეზი, საქია კი გაიქცა და დაიმალა... ცოტა ხნის შემდეგ კი თავად განაცხადა.
სოფლის მოწინავე ადამიანებად ითვლებოდნენ იაკობ პაპუკიშვილი, არტემ სუხიტაშვილი, გოჩა ხარიბეგაშვილი. ისინი გამუდმებით ებრძოდნენ ადგილობრივი თავადების მოქმედებებს“.
არტემ სუხიტაშვილის მონათხრობი იდეოლოგიური გამართლება იყო ქართველ თავად-აზნაურობაზე თავდასხმების, მკვლელობების, დევნის, ქონების მიტაცების, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლშევიკთა აღზევების დროს. როგორ შეიძლება დავიჯეროთ ფრაზა „თუ მებატონე გლეხს ჯოხს დაარტყავდა და ჯოხი გაუტყდებოდა, გლეხს ფული უნდა გადაეხადა ჯოხის საფასურადო“, როცა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების პრესის ფურცლებიდან კარგად ჩანს, როგორ ეხმარებოდა თავის გლეხებს კარალეთის უკანასკნელი მებატონე.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მიხეილი გრძნობდა, რომ კარგს არაფერს უქადდა მის სიცოცხლესა და ოჯახს წითელრაზმელთა თარეში. გლეხები გვერდით უდგნენ, როგორც შეეძლოთ, იცავდნენ. ბოლოს იძულებული ხდება კარალეთიდან წავიდეს და ოძისში ძმის - შალვას ოჯახს შეაფაროს თავი. ფეხდაფეხ მიჰყვნენ სისხლმოწყურებული ჯალათები და ოძისიდან საქმის გასარჩევად თავისივე ეტლით უკან დაუბრუნებიათ. მიხეილს ოცი წლის ვაჟიც გამოჰყვა თან, შალვა, აგრონომიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. კოდისწყაროსთან ახლოს ვერაგულად მოუკლავთ მამა-შვილი. „საცოდავი ბატონი შეხვეწნია რაზმელებს, ოღონდ ჩემი შვილის სიკვდილს ნუ მაყურებინებთ, ჯერ მე მომკალითო... ძალზე გულსატკენია ის ფაქტი, რომ მამას ძალით აყურებინეს შვილის წამება და სიკვდილი, შემდეგ მასაც ტყვიით გაუხვრიტეს შუბლი“.
მძიმე ხვედრი რგებიათ ერისთავების მკვლელებს: ბაზანდარაშვილს, ტერტერაშვილსა და ხარბეგაშვილს: „ბაზანდარაშვილს - როგორც გვითხრეს, სხვენზე შემოდებულ თავისავე ბავშვობის დროინდელ აკვანზე ჩამობმულ თოკით თავი ჩამოუხრჩვია.
ტერტერაშვილმა - იმ უბედურებიდან კარგა ხანს იცოცხლა . ჯერ გააციმბირეს, მოგვიანებით კი კლინიკური სიკვდილის შემდეგ შეშლილი ქუჩა-ქუჩა ხეტიალში უპატრონოდ გარდაიცვალა... ხარბეგაშვილი ბერუკა კი, რომელიც ძალზე აგრესიული და დაუნდობელი კაცი ყოფილა, კომუნისტებს თავისი რიგების წმენდისას დაუხვრეტიათ.“
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელენე საგინაშვილი ქალიშვილებთან: ეკატერინე, ნინო და რუსუდან ერისთავებთან ერთად თბილისში გადასახლდა, დის ბარბარე საგინაშვილ-მაყაშვილის ოჯახში, რომელიც დღევანდელ წყნეთის (დღევანდელ მელიქიშვილის) ქუჩაზე ცხოვრობდა. ელენე კინოთეატრში აკომპანიმენტს უწევდა მუნჯი ფილმების ჩვენებას. მგლოვიარე მეუღლე და დედა ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია, თუმცა ვალერიან გაფრინდაშვილის მოგონებით, მას კოჯრის გზაზე შემთხვევით უნახავს თავისთვის, ყველასაგან მალულად ტირილით გულმოოხებული თავადის ქვრივი.
ამბობენ, ერისთავების უფროს ქალიშვილს, ბიოლოგიის მეცნერებათა დოქტორ ეკატერინე ერისთავს მიუძღვნაო გალაკტიონმა გენიალური ლექსი „გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები“... სამწუხაროდ, 1938 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ერისთავების უმცროსმა ქალიშვილმა რუსუდანმა, როგორც ჩანს, მისმა ფაქიზმა სულმა ვერ გაუძლო რეპრესიების მძიმე პერიოდს. იგი პროფესიით არქიტექტორ-მხატვარი ყოფილა და გ. ჩუბინიშვილთან უმუშავია ძეგლების აღდგენაზე. ოჯახის წევრებმა ვერ გაუძლეს რეპრესიების წნეხს და ნინოს ნახატები გაანადგურეს, თუმცა მაყაშვილების ოჯახს დღემდე მაინც შემოუნახავს რუსუდანის ორი ნამუშევარი.
ასევე სამწუხაროა, რომ კარალეთელი ერისთავების ბრწყინვალე სასახლე დღეს იავარქმნილი და გაპარტახებულია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე იქნება მისი მოვლა-პატრონობა და მიხეილ ერისთავის სახელის უკვდავყოფა.
დავით ახლოური,
საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის უნივერსიტეტის პროფესორი.
