პოეზიის ქარი უკრაინიდან
20 მაისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ორი უდიდესი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძისა და პავლო ტიჩინას ქართულ-უკრაინული და უკრაინულ-ქართული კრებულების წარდგენა

პოეზიის ქარი უკრაინიდან
გალაკტიონი - უკრაინულად, პავლო ტიჩინა - ქართულად
20 მაისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ორი უდიდესი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძისა და პავლო ტიჩინას ქართულ-უკრაინული და უკრაინულ-ქართული კრებულების წარდგენა. მთარგმნელი - რაულ ჩილაჩავა, გამომცემელი - ეროვნული ბიბლიოთეკა. წარდგენას ესწრებოდნენ პოეზიის მოყვარულები, მწერლები, ჟურნალისტები, საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა ქომაგები.
გთავაზობთ წიგნების წარდგენის ცერემონიალზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლას.
დღევანდელი საღამო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი წიგნის პრეზენტაციისთვის, არამედ ორი დიდი კულტურის - ქართული და უკრაინული სულიერი სიახლოვის, ისტორიული მეგობრობისა და ლიტერატურული დიალოგის აღსანიშნავად. გალაკტიონ ტაბიძის ლექსების („მთაწმინდის მთვარე“) უკრაინულ და პავლო ტიჩინას ლექსების („ქარი უკრაინიდან“) ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები არის არა მხოლოდ ლიტერატურული შედევრები, არამედ ხიდები ქართველ და უკრაინელ ხალხებს, კულტურებს, მეხსიერებებს შორის.
დღევანდელი საღამოს მთავარი ფიგურა გახლავთ ქართველი პოეტი, მთარგმნელი, მეცნიერი, დიპლომატი, პროფესორი და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მოღვაწე რაულ ჩილაჩავა.
ის არის ადამიანი, ვინც თავისი შემოქმედებითი და სამეცნიერო ცხოვრება ორი ერის - ქართველებისა და უკრაინელების - კულტურულ დაახლოებას მიუძღვნა. იგი ახერხებდა ერთდროულად ყოფილიყო შემოქმედი, მკვლევარი, პედაგოგი და კულტურული დიპლომატიის გამორჩეული წარმომადგენელი. როგორც კიევის უნივერსიტეტის პროფესორმა და უკრაინული ენის უბადლო მცოდნემ, მან მრავალი თაობა აზიარა ქართულ კულტურას, ქართულ პოეზიასა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას. დღევანდელი პრეზენტაციის განსაკუთრებულობაც სწორედ ესაა - ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ ადამიანურ კავშირებზე, ურთიერთ გაგებაზე, იმ ღირებულებებზე, რაც ომს, დაპირისპირებასა და ისტორიულ ქარტეხილებს აღემატება. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს ერთმანეთს ხვდება ორი დიდი პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე და პავლო ტიჩინა.



