შობადობის ზრდა უპირველეს ეროვნულ პრობლემად იქცა!
გაეროს ექსპერტებმა ქართველები მომაკვდავ ერთა ნუსხაში შეგვიყვანეს, წარდგენილი მოხსენების მნიშვნელობა განსაკუთრებულად საგულისხმო და ყურადღებამისაქცევია.

შობადობის ზრდა უპირველეს ეროვნულ პრობლემად იქცა!
"დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მდგომარეობა საქართველოში" - ეს გახლავთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოლოგიური საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ვერიკო ბაზიარის მიერ წაკითხული მოხსენების სახელწოდება. თანამედროვე მედიცინის აქტუალური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე, ასევე, სხვა შინაარსობრივი დატვირთვის მქონე საყურადღებო საკითხები, აღნიშნული საბჭოს გამუდმებული ყურადღების საგანს წარმოადგენს, მაგრამ იმ სავალალო გარემოების გათვალისწინებით, რომ გაეროს ექსპერტებმა ქართველები მომაკვდავ ერთა ნუსხაში შეგვიყვანეს, წარდგენილი მოხსენების მნიშვნელობა განსაკუთრებულად საგულისხმო და ყურადღებამისაქცევი გახდა.
- დედათა და ბავშვთა დაცვა, ნებისმიერი ქვეყნის სოციალური და ჯანდაცვითი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირ განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობის და დემოგრაფიული სტაბილობის მდგომარეობას, აგრეთვე განვითარების პერსპექტივებს, - თქვა შესავალ სიტყვაში მეთოდური საბჭოს ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა, - ამ მხრივ, ბოლო წლებში, ჩვენში გარკვეული პროგრესი ნამდვილად შეინიშნება, თუმცა კი კვლავაც რჩება არაერთი გამოწვევა, რომელიც სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს.
საბჭოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ მიღწეულ გარკვეულ დადებით შედეგებზე, მათ შორის როგორც დედათა, ასევე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთა შემცირებაზე, სამედიცინო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახეობის მომსახურებათა მეტად ხელმისაწვდომობაზე, ახალი პროგრამების ამოქმედებაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედათა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლის გარკვეული შემცირების მიუხედავად, ის მაინც საგანგაშოდ მაღალია, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ რომ ხარისხიანი სამედიცინო დახმარების გაწევის შემთხვევაში, მათი თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია, რაც, უპირველესად, ორსულებისთვის სათანადო ანტენატალური სერვისების არასრულფასოვნების გამო ხდება.



