
შორაპნიდან საჩხერემდე...
შორაპნიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო სადგური სოფელ დარკვეთთან - (იქ სადაც წყდება მანგანუმის მოპოვება) - 1894 წლის 14 მაისს საზეიმოდ აკურთხეს, აქედან საჩხერემდე ხუთი კილომეტრიღა რჩებოდა გასაყვანი. ყველა ოცნებობდა საჩხერემდე რკინიგზის გაყვანაზე. ბევრი ცდილობდა განეხორციელებინა ეს ოცნება, მაგრამ ფუჭად, ვიდრე კნეინა ელისაბედ წერეთელმა (ასე უწოდებდნენ თანამედროვენი) არ მოკიდა ხელი ამ საქმეს. რამდენადაც ცნობილია, ელისაბედს ამ საკითხის მოგვარებისთვის თავისი დიდი ნათლიის, რუსეთის ხელმწიფის ნიკოლოზ II შეწუხებაც კი მოუხდა.
„ნამეტანი სიცოცხლე და შნო საჩხერისთვის მომავალი რკინიგზის გაყვანის იმედს მოუცია“ - იუწყება ჯერ კიდევ 1899 წლის ჟურნალი „კვალი“ და 1904 წლის იანვრის დამდეგს პირველი მატარებელი შემოსულა საჩხერეში. არანაკლებ სასიხარულო და საინტერესოა ის, რომ პირველ მგზავრებს აქ დახვდათ რკინიგზის შესანიშნავი სადგური, არქიტექტურის ულამაზესი ძეგლი. საჩხერის მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით დიდი სიხარული განაცდევინა, ისევ დარკვეთთან შეწყვეტილმა ფართოლიანდაგიანი პირველი სამგზავრო ელექტრომატარებლის შემოსვლამ 1958 წელს. ეს იყო მეორე ღირსშესანიშნავი თარიღი საჩხერის რკინიგზის ისტორიაში. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა“... 1991 წლის 29 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ სადგურის შენობა მიწასთან გაასწორა. მიწისძვრას გადაურჩა ორთქლმავლის წყლით შემავსებელი აუზის ორსართულიანი შენობა, რომელიც ყოველდღიურად ელოდება მშველელს, მაგრამ ის არ ჩანს, არც რკინიგზის დეპარტამენტიდან და არც სხვა უწყებიდან.
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის საჩხერის სადგურში შემოსული სახალხო თუ სატვირთო მატარებლები აქ იღებდნენ შორაპნიდან საჩხერემდე მოსასვლელად დახარჯული წყლის მარაგს. აღსანიშნავია, რომ ჩიხურის შენაკადი დუნთურის ხეობაში არსებული წყაროებიდან 3 კმ-ის მანძილზე იყო გაყვანილი წყალსადენის ეს მაგისტრალი. მართალია სადგურის შენობა 10 წლის შემდეგ პირვანდელი სახით აღადგინა რკინიგზის დეპარტამენტმა, მისი დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ჩხაიძის ყოველდღიური ზრუნვით, მაგრამ შველას ითხოვს ჯერ კიდევ ფეხზე მდგომი ორთქლმავლების წყლით შემავსებელი ორსართულიანი შენობა, რომლის მსგავსი ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ჩვენს ქვეყანაში.
იმედია რკინიგზის დეპარტამენტი იმ დიდ ამოცანებთან ერთად, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს, საჩხერლების თხოვნასაც გულისყურით მოეკიდებიან, რითაც კიდევ ერთ სიხარულს მოგვანიჭებენ იმერლებს.
ცეზარ ლაშხი,
ს.ს.ი.პ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო
მუზეუმის დირექტორი


