დიპლომატიური გონიერება
საქართველო არ არის მხოლოდ წერტილი რუკაზე; ის არის ევროპული სულის უკიდურესი ფორპოსტი, რომელიც დღეს უკრაინასთან ერთად სუნთქავს. ქართული საზოგადოებისთვის უკრაინა დღეს სარკეა. ჩვენ ვხედავთ მათ ნანგრევებში ჩვენს დანგრეულ სახლებს, მათ დევნილებში - ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. როდესაც ქართველი ხალხი უკრაინელ დევნილს კარს უღებს, ის ამით საკუთარ წარსულს მკურნალობს. ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება; ეს არის ეროვნული ღირსების აქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ოკუპაციამ ჩვენში ადამიანი ვერ მოკლა.

დიპლომატიური გონიერება
"მეორე ფრონტის" შიშმა ევროპული მომავლის რწმენა არ უნდა წაგვართვას!
საქართველო გლობალური ქარიშხლის ფონზე:
გამოწვევები და არჩევანი
რუსეთ-უკრაინის ომზე აქამდე სულ ჩემი კიეველი ფინია წერდა. „ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს“ უკვე გამოვიდა ცალკე წიგნებად ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. სანამ ჩაპა ახალ წიგნზე მუშაობს, გადავწყვიტე მეც შევეხო თანამედროვეობის ამ უმნიშნელოვანეს თემას. ამთავითვე ვიტყვი: აქამდე მოძმე ორი ერის ომი არ არის მხოლოდ ლოკალური კონფლიქტი; ეს არის ფუნდამენტური ბრძოლა საერთაშორისო წესრიგისა და იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას.
საქართველოსთვის ეს ომი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ 2008 წელს გახდა იმავე აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი, რომელსაც დღეს უკრაინა გმირულად უპირისპირდება. ჩვენ აღმოვჩნდით გეოპოლიტიკურ ლაბირინთში: ერთი მხრივ, არსებობს ევროატლანტიკური მისწრაფება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მეორე მხრივ კი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი პირდაპირი სამხედრო საფრთხე.
რუსული „რბილი ძალა“ და ჰიბრიდული ომის მეთოდები მუდმივად ცდილობს ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გაღრმავებასა და დასავლური კურსის დისკრედიტაციას. ამ ვითარებაში, საქართველოს როლი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უსაფრთხო დერეფნისა, კიდევ უფრო კრიტიკული ხდება. საინფორმაციო გამოშვებებში უკრაინის დანგრეული ქალაქებისა და გადამწვარი სოფლების ხილვა ქართველებისთვის მხოლოდ ვიდეოკადრები არ არის. ესაა საკუთარი წარსულის გაცოცხლება - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტრაგედიების ექო. საქართველომ ათასობით უკრაინელი შეიფარა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს საერთო ბედსა და მორალურ პასუხისმგებლობას.
როგორია საქართველოს პერსპექტივა ამ ქაოსში? გამოსავალი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით შეიძლება მოიძებნოს. აუცილებელია სტრატეგიული სიმტკიცე: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა იქცეს რეალური რეფორმების ძრავად და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგად. გვჭირდება უსაფრთხოების ახალი გარანტიები ანუ პარტნიორებთან მუშაობა თავდაცვისუნარიანობის ისეთ დონემდე ასამაღლებლად, რომელიც ნებისმიერ აგრესიას აზრს დაუკარგავს


