რომელი იმპერია დაარტყამს პირველად?!
ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ ინგრევა, ის უკვე ჩამონგრეულია. უბრალოდ ,ნანგრევებს ჯერ კიდევ ძველი წარწერები აქვს, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრივი უზენაესობა, საზღვრების ურღვეობა, თავისუფალი ნაოსნობა, საკუთრების დაცვა, გარემოსდაცვითი ნორმები, ინტელექტუალური საკუთრება, საგარეო ურთიერთობათა ქცევის წესები და კიდევ ათასი ლამაზი სიტყვა. ამ ტერმინებს გაცხადებულ დოკუმენტებში ისევ იყენებენ, თუმცა ქმედით პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა ძლიერებს სჭირდებათ.
ავტორი
ირაკლი ყიფიანი

მრავალპოლუსიანი "თავისუფლება"

ახალი წესრიგი გაცილებით მარტივია, გაცილებით უხეში და გაცილებით გულწრფელი. ეს არის სამყაროს ის მოცემულობა, სადაც სამართალი აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ საზომს. სამართალი არის ის, რაზეც ძალაუფლების მფლობელები დროებით შეთანხმდნენ. დღეს მოქმედებს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ ძალისმიერი განლაგება.
ხსენებულ წესრიგში მთავარი ლოგიკა შემდეგნაირია. ეს ჩვენია, ის კი თქვენი, იმ პირობით, რომ ძლიერი სახელმწიფოები თანხმდებიან. ერთ სივრცეში ვითანამშრომლებთ, თუკი მხარეებს აწყობთ და სრულიად უმნიშვნელოა დანარჩენთა აზრი. მეორე სივრცეში ვიპაექრებთ, ხან დადგენილი წესებით და ხანაც მათ გარეშე, ვითარების მოთხოვნის შესაბამისად. იქვე შესაძლოა შეიარაღებული ძალაც იქნას გამოყენებული, ოღონდ ბირთვული განადგურების ზღვარს არ უნდა გადავაბიჯოთ. საერთაშორისო სამართალი კი იმოქმედებს მხოლოდ იქამდე, სანამ ის ამ ოთხივე ნაწილს არ შეეჯახება. როგორც კი გადაიკვეთება, სამართალი ქრება და რჩება ის, რაც ყოველთვის იყო იმპერიების უკანასკნელი საყრდენი, კერძოდ კი უხეში ძალა.
X X X
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პეკინში ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა რიგითი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა ნამდვილად არ არის. ეს შეხვედრა წარმოადგენს ახალი სამყაროს სიმბოლურ სანახაობას. ანკორიჯის იმპულსის შემდეგ გაჩნდა პეკინის ფორმულა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ჯუნნანჰაის ფორმულა, თუმცა, რადგან ხსენებული სიტყვის წარმოთქმა პოლიტიკური წრეების დიდ ნაწილს ენის მოტეხვით დაემუქრება, უმჯობესია, უბრალოდ პეკინის ფორმულა ვუწოდოთ.
ნახსენები ფორმულა მშვიდობის მომტანი სულაც არ გახლავთ, ეს უფრო შეთანხმების თვალთმაქცობაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა ილაპარაკონ. შეთანხმდნენ, რომ არ უნდა ჩამოიშალოს ურთიერთობა. შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-ამერიკის კავშირი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი მოვლენაა. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს და თეირანი საზღვაო გზების გამოყენებაზე გადასახადს არ უნდა აწესებდეს. მიუხედავად ამისა, მთავარი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს.