სიძულვილის ენის საიდუმლოებანი
ვიდრე საქართველოზე მზრუნველ, ხელისუფლებაზე მეოცნებე და უცხოურ ვალუტაზე თავდავიწყებით შეყვარებულ ოპოზიციას დროშებით და ცოცხებით ხელში დანაპირები აუსრულებია, მშობლიურ კანონმდებლობისა და სემიოლოგიური (ენის ფილოსოფიის) პრობლემების თაობაზე ორიოდე სიტყვის თქმა უნდა მოვასწრო.

წარუმატებლობისთვის განწირულნი
სიძულვილის ენის საიდუმლოებანი
ვიდრე საქართველოზე მზრუნველ, ხელისუფლებაზე მეოცნებე და უცხოურ ვალუტაზე თავდავიწყებით შეყვარებულ ოპოზიციას დროშებით და ცოცხებით ხელში დანაპირები აუსრულებია, მშობლიურ კანონმდებლობისა და სემიოლოგიური (ენის ფილოსოფიის) პრობლემების თაობაზე ორიოდე სიტყვის თქმა უნდა მოვასწრო.
X X X
ბოლო ხანს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელებსა და პირად ურთიერთობებში საეჭვოდ მოზღვავებული ბილწსიტყვაობისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად შს სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო.
ვიდრე ამგვარი დაწესებულების შექმნის მიზანშეწონილობაზე ვისაუბრებდეთ, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, რას გულისხმობს მეცნიერება სემიოლოგია. ვიფიქროთ, ზოგადად, შესაძლებელია თუ არა ამ მართლაც გაბუმბერაზებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა რაიმე ტიპის სამმართველოების შექმნის გზით.
წვრილმანებში ჩაღრმავებამ მეცნიერულ ლაბირინთებში რომ არ შეგვიტყუოს, სემიოლოგია არის ფილოლოგიური მეცნიერული მიმდინარეობა, რომელიც სიტყვის მნიშვნელობის მნიშვნელობას, ფარული აზრების გაცხადების ან ცხადი აზრების დაფარვის ხელოვნებას სწავლობს.
შორეულ წარსულში რომ არ ვიმოგზაუროთ, ამ მეცნიერების გამოუყენებლად რთული, იქნებ შეუძლებელი ყოფილიყო, ვთქვათ, შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორის, უინსტონ ჩერჩილის, იოსებ სტალინის, თუნდაც, ედუარდ შევარდნაძის ბევრი გამონათქვამების ჭეშმარიტი შინაარსის დადგენა. აღარაფერს ვამბობ შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე ან უილიამ შექსპირზე...
გთხოვთ, სწორად გამიგოთ - საუბარია, ზოგადად, ჭკვიანი ადამიანების სიტყვებით დაფარული აზრების გაცხადებაზე და არა ვინმე მოლაყბე „პოლიტიკოსის“ არაფრისმთქმელ გაუთავებელ ლაყბობაზე.მოკლედ, წმინდა სემიოლოგიური თვალსაზრისით, თუნდაც ჩვენი მშობლიური ქართული სიტყვა შეიძლება იყოს ლიტერატურული, მხატვრული, პოეტური, პროზაული, ცხადი, ფარული, პოლიტიკური, ორღობული, ქუჩური, ქურდული და ა.შ.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს მთქმელის ვინაობას და მისი განათლების დონეს - ქუჩურად, ქურდულად და ორღობულად შეიძლება საუბრობდეს ვინმე „გამოჩენილი“ პროფესორი ან პოლიტიკოსი, ხოლო ცხადად და მხატვრულად - ვინმე ყოვლად ჩვეულებრივი გლეხი ან პირველკლასელი მოწაფე.



