მარტოსული გენიის შემოქმედება
მარტოსული გენიის შემოქმედება - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური

ნიკო ფიროსმანის - 160
მარტოსული გენიის შემოქმედება -
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური
1962 წელს ჟურნალი „კურიერ იუნესკო“ წერდა: ფიროსმანის შემოქმედება სცილდება საქართველოს საზღვრებს, დიდი ნიჭისა და ჰუმანურობის გამო ფიროსმანი მთელ კაცობრიობას ეკუთვნის.
XX საუკუნის 80-იან წლებში ახლად აღმოჩენილი საარქივო მასალების მიხედვით ნიკო ფიროსმანის დაბადების თარიღად აღიარებულია არა 1862 წელი, როგორც ეს სავარაუდოდ მიაჩნდათ, არამედ 1866 წელი. ამის საფუძველია ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის მიერ საავტორო სატელევიზიო ციკლის „ჩვენ ვეძებთ ფიროსმანს“ მომზადებისას ჩატარებული კვლევები და საარქივო მასალების ღრმა ანალიზი. ეს ნაშრომი იმთავითვე გაიზიარეს და ოფიციალური დოკუმენტით დაასაბუთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა.
პირადად ისეთმა ავტორიტეტულმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან მარიკა ლორთქიფანიძე, ვახტანგ ბერიძე, პარმენ ზაქარაია, გოგი ხოშტარია და სხვები.
1989 წელს გადაწყდა, 1991 წელს ფიროსმანის იუბილეს 125 წლის აღნიშვნა, შეიქმნა საიუბილეო კომისია, სამოქმედო პროგრამა, რაც ცნობილი მოვლენების გამო ვერ განხორციელდა.
2026 წელს ნიკო ფიროსმანაშვილს 160 წელი უსრულდება, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს სათანადოდ აღინიშნოს გენიალური მხატვრის იუბილე.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, 2025 წლის 3 დეკემბერს სპეციალურად მიმართა კულტურის სამინისტროს დიდი ნიკო ფიროსმანის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის შესახებ.
დღეს გთავაზობთ ფიროსმანის დაბადების თარიღთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევის შემოკლებულ ვერსიას.
X X X
ნიკო ფიროსმანაშვილზე პირველი ბიოგრაფიული ცნობები დაიბეჭდა 1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“ (№8), რომელიც მთლიანად ნიკო ფიროსმანაშვილს მიეძღვნა და იგი გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოვიდა.
„როცა ამ ნომერს ვამზადებდი“, - წერდა პოეტი მოგვიანებით, - „გამოირკვა, რომ არც ერთმა მხატვარმა არ იცოდა მისი ბიოგრაფიიდან არაფერი, ზდანევიჩების გარდა, ბევრი შრომა დამჭირდა“.
გაზეთის „მინაწერში“ ვკითხულობთ:
„ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა 1860-1868 წლებში, კახეთში. 8 წლიდან თბილისში ცხოვრობდა“.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ფიროსმანთან დაკავშირბული არც ერთი საარქივო დოკუმენტი არ იყო აღმოჩენილი. არსებობდა მხოლოდ ილია ზდანევიჩის დღიური, რომელშიც არაფერია ნათქვამი მხატვრის დაბადების თარიღის შესახებ. როგორც ჩანს, რედაქცია ეყრდნობოდა ნიკოს უფროსი დის - ფეფე ბარამაშვილის მოგონებას, რომელიც ოდნავ მოგვიანებით ამავე გაზეთის მეათე ნომერში გამოაქვეყნეს:
„მე ნიკალას და ვარ... ასე 57 წლისა ვიქნები და მასზე 2-3 წლით უფროსი ვარ“.
გაზეთ „ბახტრიონის“ მერვე ნომერში აღნიშნული წლები - 1860-1868, ალბათ, ფეფეს ასაკის გათვალისწინებით მიუთითეს.
ფიროსმანზე ტელეგადაცემის მომზადებისას მრავალი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ვერსიის არსებობამ საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში მხატვრის ცხოვრებასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების ორიგინალში ნახვის აუცილებლობაზე მიმანიშნა. და აი, ჩემს ხელთაა ჩანაწერი, რომელმაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში საკმაო აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა გამოიწვია ფიროსმანის ბიოგრაფიის მკვლევართა შორის. 1873 წლის კამერალური აღწერის წიგნში ჩაწერილია, რომ ნიკოლოზ ასლანის ძე ფიროსმანაშვილი, 22 წლისა, გამოტოვებული იყო კამერალური აღწერისას. შემდეგ გრაფაში წერია: „ამორიცხულია ამა სოფლიდან თბილისში გადარიცხვის გამო“. საქმე 337, 1885 წელი“ (საარქივო ფონდი 2543, 280, გვ. 115).
როგორც აღმოვაჩინე, ჩანაწერი 1873 წლის კამერალური აღწერის წიგნშია, მაგრამ დათარიღებულია 1885 წლით და არა 1873 წლით. ესე იგი, ჩანაწერი გაკეთდა კამერალური აღწერიდან 12 წლის შემდეგ, 1885 წელს, რომელიც მკვლევრებს უყურადღებოდ დარჩათ.
დავუბრუნდეთ შეკითხვას, რომელ წელს იყო ნიკო ფიროსმანაშვილი 22 წლის - კამერალური აღწერის წელიწადს, 1873-ში თუ 1885 წელს?
ამ საიდუმლოს გასაღები კი, თურმე, იქვე, სამი გვერდის შემდეგ, წიგნის გაგრძელებაში ყოფილა.
დღემდე უცნობი, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო ჩანაწერი, რომელიც ნიკოს დის - ფეფე ბარამაშვილის ოჯახის შესახებ გვაწვდის ცნობებს:
„ბარამაშილი ივანე 40 წლის, ცოლი მისი ფეფე 37 წლის, შვილები, ნიკოლოზ, გიორგი, ღვთისავარ, თამარა, ანა“ (საქმე 224-1901 წ. ფონდი 2543. 280, გვ. 118. ჩანაწერი რუსულ ენაზე).
ფეფე ნიკოს დაა, მასზე 2-3 წლით უფროსი, ივანე ბარამაშვილზე გათხოვილი. გავიხსენოთ 1922 წლის (№10) გაზეთი „ბახტრიონი“. ნიკოს ბიოგრაფიისთვის, კერძოდ, მისი დაბადების თარიღის დასადგენად, ზედმეტი არ იქნებოდა ფეფეს დაბადების წელიწადი გვცოდნოდა. არსებული მასალების საშუალებით, ვფიქრობ, ამის დადგენაც შეიძლება.
ამ წერილში რამდენჯერმე ვუბრუნდები დოცენტ მამია ჩორგოლაშვილის მიერ 1979 წლის 17 იანვრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ ახალ საარქივო დოკუმენტებს.
აი, კიდევ ერთი მათგანი - „სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეტრიკული წიგნის ჩანაწერი, რომ 1863 წლის მარტში, „ამავე უეზდის სოფლის მირზაანის მცხოვრებ სახაზინო გლეხს ასლან კიკოს ძე ფიროსმანაშვილს და მის სჯულიერ ცოლს თეკლე იოვეს ქალს, ორნივე მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებისანი, შეეძინათ ქალი ნატალია. ნათლია იმავე სოფლის გლეხის მალხაზ ბენაშვილის მეუღლე ირინე. ნათლობის წესი აღასრულა და წიგნში ჩანაწერი შეიტანა მღვდელმა ზაქარია გომელაურმა (ჩანაწერი ქართულ ენაზე).
შევადაროთ ერთმანეთს ჩანაწერები ნატალიას დაბადებისა და ფეფე ბარამაშვილის შესახებ.
1863 წელს დაბადებული ადამიანი 1901 წელს, სწორედ 37-38 წლისა იქნებოდა. მონაცემები თითქოს ემთხვევა, მაგრამ, მაინც კიდევ ერთხელ გადავათვალიეროთ გაზეთ „ბახტრიონის“ 1922 წლის მეათე ნომერი. მომყავს ფრაგმენტი ფეფე ბარამაშვილის მოგონებიდან.
- მე ნიკალას და ვარ, 57 წლისა ვიქნები და მასზე 2-3 წლით უფროსი ვარ. ფიროსმანაშვილები აქ, მირზაანში ვცხოვრობთ, 40 კომლამდე ვიქნებით. თვითონ ვანო ბარამაშვილზე ვარ გათხოვილი. ქმარი ცოცხალი არა მყავს. მყავს ორი ვაჟი და ოთხი ქალი“.
1863 წელს დაბადებული ადამიანი, 1922 წელს, დაახლოებით, 58-59 წლისა იქნებოდა, რადგან ფეფე ბარამაშვილისა და ნატალიას ასაკი ემთხვევა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ფეფე და ნატალია ერთი და იგივე პიროვნებაა.
კიდევ ერთი მოგონება, რომელიც 1919 წლის მაისში გამოაქვეყნა გაზეთმა „ერთობამ“: - „პირები, რომლებიც იცნობდნენ მას, ამბობენ, რომ შარშან 50 წელს გადასცდენია“.
ჯერ კიდევ 1922 წელს, ხოლო შემდეგ - 1931 წელს, გიორგი ლეონიძე წერს: „ფეფეს აზრით, ნიკო დაბადებულია 1866-67 წლებში“.
ნიკოს უფროსი დის - ფეფეს მოგონება, გამოქვეყნებულია 1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“, ვფიქრობ, იმთავითვე უფრო მეტად საყურადღებო უნდა ყოფილიყო.
მეორე მოგონებაში, რომელიც აგრეთვე, დაიბეჭდა 1922 წელს გაზეთ „ბახტრიონში“ ნინო თათარაშვილის ავტორობით, ფეფე აღნიშნავს, რომ იგი თავის ძმაზე - ნიკოზე, 3-4 წლით უფროსია. ამიტომ და-ძმას შორის ჩვენ ავიღეთ საშუალო 3 წელი.
ახლა კიდევ რამდენიმე საარქივო ჩანაწერზეც შევჩერდები, რომლებიც, ჩემი აზრით, ერთმანეთს განმარტავს და ამით ფიროსმანის ბიოგრაფიის მანამდე უცნობ ფურცლებს ავსებს.
ცნობილია, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი 12 წლის ასაკიდან თბილისში ცხოვრობდა („ბახტრიონი“, 1922 წლი, № 23,;„დროშა“, 1926 წელი, № 5. ფეფე ბარამაშვილისა და ქალანთაროვების ოჯახის წევრთა მოგონებები). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოფელ მირზაანის საეკლესიო მეტრიკული თუ კამერალური აღწერის წიგნებში, იგი არსად არის ნახსენები.
მაშ, რატომ გაახსენდა იგი 1885 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანის კანცელარიის მოხელეს, როდესაც 1873 წლის კამერალური აღწერის დამატებაში „გაატარა“ და აღნიშნა, რომ „ნიკოლოზ ასლანის ძე ფიროსმანაშვილი ამორიცხულია ამა სოფლიდან ქალაქ ტიფლისში გადარიცხვის გამო“ ?
ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთ-ერთ საბუთს იმ საინტერესო მასალებიდან, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი.
ეს გახლავთ დოცენტ მამია ჩორგოლაშვილის მიერ 1979 წლის 17 იანვრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული მასალები: „ჩვენ მოვიკვლიეთ საარქივო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, გზის უფროსის 1888 წლის 28 დეკემბრის № 160 ბრძანებით, „უკიდურესი უხეშობისთვის“ ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და წევის სამსახურის დარაჯი ნიკო ფიროსმანაშვილი 17 ნოემბრიდან გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან (ფონდი 279, № 1, საქმე 158). „სამწუხაროდ“, - განაგრძობს ავტორი, - „ჯერ ვერ დგინდება, რკინიგზაზე მისი მუშაობის დაწყების თარიღი“.
ფაქტია, რომ ნიკომ რკინიგზაზე მუშაობა დაიწყო არა 1890 წელს, როგორც ეს ადრე იყო ცნობილი, არამედ გაცილებით ადრე, სამხატვრო სახელოსნოს დაკეტვისთანავე, ე. ი. 1884 ან 1885 წელს“ (ორი წელი ჰქონდა სახელოსნო გიგო ზაზიაშვილთან ერთად).
მამია ჩორგოლაშვილის ეს მოსაზრება სავსებით დამაჯერებელია. ამის დამადასტურებელია 1873 წლის კამერალური აღწერის დამატებაში არსებული 1885 წლით დათარიღებული ჩანაწერი.
აი, პასუხი იმაზე, თუ რატომ გაახსენდა ფიროსმანაშვილი სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანის კანცელარიის მოხელეს 1885 წელს.
ვფიქრობ, ამიერკავკასიის რკინიგზაზე სამუშაოდ მოწყობას სათანადო საბუთები ესაჭიროებოდა. რა უნდა ჰქონოდა წლების მანძილზე სხვის კარზე მცხოვრებ ადამიანს?! ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ნიკომ მშობლიურ სოფელს საჭირო საბუთისთვის მიაშურა.
დაბადების მეტრიკული ამონაწერი, ალბათ, მაშინაც არ მოინახა სოფელ მირზაანის საეკლესიო წიგნებში, ცნობა გასცეს ასეთი ფორმით: „ამოირიცხა სოფელ მირზაანიდან ქალაქში გადარიცხვის გამო“ და გაატარეს წიგნში მის მიერ აღნიშნული ასაკი.
კიდევ ერთი დეტალი.
გიგო ზაზიაშვილის მოგონებიდან ცნობილია, რომ მან 1882 წელს გაიცნო ფიროსმანი და მალე მასთან ერთად გახსნა სამხატვრო სახელოსნო ველიამინოვის ქუჩაზე, რომელიც მალე დაიხურა შეკვეთების უქონლობის გამო („მნათობი“, 1931, № 3, გ. ლეონიძე).
ე. კუზნეცოვის აზრით, ლიტერატურაში არსებული სამხატვრო სახელოსნოს გახსნის თარიღები ან 1888, ხან კი 1884 წელი არ უნდა იყოს სწორი - რადგან, 1868 წელს დაბადებული ზაზიაშვილი იმ დროს ძალიან ახალგაზრდა იყო და კომპანიონად არ გამოდგებოდაო. ე. კუზნეცოვი აღნიშნავს, რომ ამ ორი თარიღიდან 1884 უფრო სარწმუნოა (ე. კუზნეცოვი. „ფიროსმანი:, 1975 წ., გვ. 11.). თუმცა, მისივე აზრით, სამხატვრო სახელოსნოს არსებობა უფრო 1888-1889 წლებს განეკუთვნება, ანუ ვიდრე ნიკო რკინიგზაზე დაიწყებდა მუშაობას. დღეს ეს მოსაზრება მოძველებულია. ზემოთ ხსენებული 1888 წლის ამიერკავკასიის რკინიგზის საარქივო მასალების აღმოჩენის გამო, საიდანაც ირკვევა, რომ 1888 წელს ნიკო უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან (შემდეგ იგი კვლავ აღიდგენს თავს).
ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ველიამინოვის ქუჩაზე გიგო ზაზიაშვილისა და ნიკო ფიროსმანაშვილის სამხატვრო სახელოსნოს გაუქმების შემდეგ, ნიკომ ვინმე გეზერნიძესთან განაგრძო თანამშრომლობა.
გიგო ზაზიაშვილის ქალიშვილის თამარის მიერ ამას წინათ მოწოდებული მასალებიდან გამოირკვა, რომ ზაზიაშვილის შემდეგ ნიკოს კომპანიონი ყოფილა არა გეზერნიძე, არამედ ვინმე ჟიდკოვსკი, წარმოშობით პოლონელი.
გამოირკვა, აგრეთვე, რომ გიგო ზაზიაშვილი სამხატვრო სახელოსნოს დახურვიდან ერთი წლის შემდეგ, 1887 წელს, დროებით სომხეთში წასულა სამუშაოდ.
ეს ცნობა მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი მიახლოებით მიგვანიშნებს სამხატვრო სახელოსნოს დახურვის წელიწადს (1885-1886).
რადგან ვიცით, რომ 1888 წელს ნიკოს უკვე ათავისუფლებენ სამსახურიდან, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მან რკინიგზაზე მუშაობა დაიწყო სახელოსნოს დახურვის შემდეგ (აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ 1885 წელს ნიკო სოფელ მირზაანის კამერალური აღწერის წიგნშია გატარებული, როგორც „ქალაქში გადაწერილი“).
თუ სახელოსნო 1885-1886 წლებში დაიხურა, სავარაუდოა, რომ იგი დაახლოებით 1884 წელს გაიხსნა (მოგონებების თანახმად, სახელოსნომ ერთი წელი იარსება). ამ დროს ნიკო 18 წლისაა, ხოლო 1868 წელს დაბადებული ზაზიაშვილი კი 16 წლისა იქნებოდა.
შესაძლოა, სახელოსნო ცოტა ადრეც გახსნეს. გიგო ზაზიაშვილი ძალიან ადრე დაობლდა და იძულებული იყო, როგორც ასაკით უფროსს, თავისი მრავალრიცხოვანი და-ძმა ერჩინა.
ახლა მოვიგონოთ ნიკოს დის - ფეფეს სიტყვები: „8 წლის ნიკო ჩემმა სიძემ ალექსიმ წაიყვანა თბილისში და მიაბარა პურის ჭამაზედ სამხედრო პირს გვარად ქალანთაროვს. მასთან დარჩა 16 წლამდე“ („ბახტრიონი“, 1922 წელი, № 23).
1926 წელს ვ. ბუთლიაშვილთან საუბრისას ქალანთაროვებმა აღნიშნეს, რომ ნიკომ 22 წლის ასაკში დატოვა მათი ოჯახი. ქალანთაროვების ოჯახში აღმოჩნდა ნიკოს ახალგაზრდობისდროინდელი ფოტოსურათი, მათივე თქმით, გადაღებული, ოჯახიდან საბოლოოდ წასვლის წინ (ჩემი აზრით, ნიკომ ქალანთაროვები გაცილებით ადრე დატოვა).
ანთროპოლოგი, პროფესორი მალხაზ აბდუშელიშვილი ვარაუდობს, რომ ამ ფოტოზე ნიკო დაახლოებით 16, ხოლო 1916 წელს გადაღებულ სურათში კი, დაახლოებით 50 წლისაა, რაც უახლოვდება ჩემს მოსაზრებას ნიკოს დაბადების თარიღის შესახებ.
კვლავ დავუბრუნდეთ ფეფე ბარამაშვილის მოგონებას: „ნიკო 7-8 წელი მსახურობდა რკინიგზაზე, მაგრამ ავად გახდა. სამსახურს თავი დაანება და ღვინის პადვალი გახსნა“.
ზოგიერთი მოგონებიდან ცნობილია, რომ ნიკომ ჯერ სარძევე გახსნა ვერაზე (ზემელის კუთხეში), ხოლო შემდეგ ღვინის სარდაფი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საყურადღებოა ფეფეს მიერ აღნიშნული რკინიგზაზე მუშაობის წლები: „7-8 წელი“. ნიკოს დის სიტყვებს უკვე მეტი მნიშვნელობა ეძლევა, რამეთუ იგი ემთხვევა მამია ჩორგოლაშვილის მიერ აღმოჩენილ დოკუმენტს, 1888 წელს ნიკოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც მიგვანიშნებს, რომ რკინიგზაზე მუშაობამ დაახლოებით 7-8 წელიწადს გასტანა.
როგორც ცნობილია, 1894 წელს ფიროსმანაშვილი საბოლოოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და შეიტანეს სიაში იმ პირებთან ერთად, რომლებსაც ამიერკავკასიის რკინიგზაზე მუშაობა საერთოდ ეკრძალებოდათ. ხოლო მანამდე, 9 წლით ადრე, 1885 წელს, ნიკო სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანის კამერალური აღწერის წიგნშია გატარებული, როგორც „სოფლიდან ამორიცხული ქალაქში გადარიცხვის გამო“.
ე. წ. რკინიგზაზე მუშაობის წლები, ფეფეს მოსაზრების გათვალისწინებითაც, სწორედ ამ ორ თარიღს შორის უნდა ვივარაუდოთ.
ასე და ამგვარად, ზემოთ მოყვანილი საარქივო მასალებითა და თანამედროვეთა მოგონებებთან მათი შედარების საფუძველზე, შევეცადეთ შეძლებისდაგვარად დაგვეზუსტებინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრების პირველი პერიოდის მნიშვნელოვანი თარიღები.
„ეროვნული საქმე ხალხშია, ხალხშია ფიროსმანი, ჩვენ ვერ ვისვენებთ, ვეძებთ ფიროსმანს“ - ეს სიტყვები გიორგი ლეონიძემ გვიანდერძა.
ნელი კობიაშვილი
ჟურნალისტი, ფიროსმანის ცხოვრებისა
და შემოქმედების მკვლევარი
