ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე...
გარეკახურ დიალექტზე ოლე გაჩეხილი ტყიდან გადარჩენილი მარტოხელა, ობოლი ხეა. მოდი, ჩვენც ვიყოთ ოლე - ქუჩებში „ოლე-ოლას“ ძახილით მორბენალი, სახელმწიფო გადატრიალებაზე მეოცნებე ბრბო კი არა, ჩვენი უანგარო შრომით ქვეყანაზე მზრუნველი ხალხი. ევროპული „ოლე-ოლა“ ხვალ არავის ემახსოვრება, ჩვენი მშობელი ოლე - საქართველო კი მარადიულია. არ ღირს ამის დავიწყება.
ავტორი
თეიმურაზ ქორიძე

ტყავდამსკდარო, ნაოხარო, მარტოხეო ოლე...
მშობლიურ საქართველოში თუ საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებული უცნაური, მოულოდნელი და, თუნდაც, აუხსნელი მოვლენები კარგა ხანია, აღარ გვაკვირვებს: დღემდე გრძელდება რუსეთ-უკრაინის დაუნდობელი, ძმათამკვლელი ომი, რომლის „მოყომარებას“ პრეზიდენტი პუტინი ორ-სამ თვეში გვპირდებოდა 50 თვის წინათ. ჩემი აზრით, თავად ამ ომის ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ მისი დამთავრება, თუნდაც უკრაინის გამარჯვებით, არ უნდა თვით უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტ-კომედიანტ ზელენსკის თამადობით. ბოლო დღეებამდე ეს არ უნდოდა რუსეთის ხელმძღვანელობას პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით. თუმცა, მისი ამჟამინდელი ქმედება (უკრაინის სტრატეგიული და სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური და სასტიკი დაბომბვები) ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაუმთავრებელი საომარი მოქმედებები თვით პუტინსაც უკვე ყელში ამოუვიდა და უახლოეს მომავალში უკრაინის კაპიტულაციისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
რაც მთავარია, ომის გაჭიანურებას ყველა გზით ცდილობენ უკრაინის ევროპელი მოკავშირე-მხარდამჭერ-დამფინანსებლები. მათი ამ ქმედების კიდევ ერთხელ დაწვრილებით ახსნა აუცილებელი არ უნდა იყოს - ომი ხომ ფულია, დიდი ფული.
ვფიქრობ, განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ნიჭი არც იმის გამოცნობას სჭირდება, რომ დაპირისპირება ევროპა-ამერიკა-რუსეთს შორის ამ ომის დამთავრების შემდეგ კიდევ უფრო გასასტიკდება - უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩასაგდებად და ქვეყნის განადგურებული ეკონომიკის ასაღორძინებლად, ანუ ევროპის ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკაზე მარადიული კონტროლის დასამყარებლად.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების ერთი სოლიდური ნაწილი, არ ვცდილობთ ბოლომდე გავითავისოთ აშშ-ის, მისი მონა-მოკავშირე ისრაელის, ზოგიერთი არაბული ქვეყნის ქმედებები ირანთან დაკავშირებით და ამ ომის კატასტროფული შედეგები მთლიანად კაცობრიობისათვის.
განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ჩვენი „ისტორიული მტრის“ (ირანის) სრული განადგურების, მიწის პირისაგან მისი აღგვის პერსპექტივით აღფრთოვანებული თანამემამულეების „პატრიოტული“ წიაღსვლები.
„გაგებით“ შევხვდით მეგობარი დონალდ ტრამპის ბრძანებით ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გატაცების, ამ ქვეყანაზე (უფრო ზუსტად - ამ ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაზე) აშშ-ის სრული კონტროლის დამყარებას; ფილოსოფიური სიდინჯით მოვისმინეთ ამავე მეგობრის განცხადებები მექსიკაზე, კანადაზე, კუბაზე, მთლიანად მსოფლიოს ნახევარზე (ჯერჯერობით!) ამერიკული კონტროლის დამყარების შესახებ...



