რატომ ეშინიათ სტალინის დღემდე?!
სტალინი არ ყოფილა წმინდანი, მაგრამ არც დემონი იყო, როგორადაც მას ხშირად ხატავენ. სტალინის მთავარი ისტორიული როლი, იმ რთულ პერიოდში იყო ნებისმიერ ფასად საბჭოთა სახელმწიფოს შენარჩუნება, სოციალისტური სისტემების კონსოლიდაცია, ფაშიზმის დამარცხება.

ეპოქის სიმართლე
რატომ ეშინიათ სტალინის დღემდე?!
მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ბაბუაჩემი - აბესალომ კალანდაძე - დაიჭირეს. ღამით მიადგნენ და მაშინ აიყვანეს, როცა თხმელის ხეზე ადესას კრეფდა. ლამპა ხის ტოტზე ჰქონდა ჩამოკიდებული და მისი ხელით დაწნულ გიდელში ფრთხილად აწყობდა სურნელოვანი ადესის მსუქან მტევნებს.
ბაბუაჩემს მეუღლე ადრე გარდაეცვალა... დღისით რომ კოლმეურნეობაში მუშაობდა, საღამოთი შვილებს უვლიდა, ღამით კი საოჯახო საქმეებს აწესრიგებდა.
იმ ღამეს კგბ სწორედ მაშინ მიადგა, როცა დარდიანი ღიღინით ხის კენწეროზე ყურენს კრეფდა.
როგორც თქვეს, ბაბუაჩემი მეზობელმა დაასმინა - ბოლო ხანებში თითქმის ყველა საღამოს ხეზე მიძვრება, როგორც ჩანს, გადამცემი მოწყობილობა აქვს დამონტაჟებული და საზღვარგარეთს გადასცემს ცნობებსო...
რამდენიმე დღე აყურყუტეს ბაბუაჩემი ოზურგეთის შინსახკომში და მერე გამოაგდეს - წადი, ბიძია, სახლში, ობოლ შვილებს მიხედეო!
გაგეღიმებათ და ბაბუაჩემი, ღრმა სიბერემდე, თავის განთავისუფლებას ძალიან უმადლოდა სტალინს: მაგას ჰქონდა რკინის დისციპლინა, უსამართლობას მის დროს ვერავინ გაბედავდა, ის იყო გლეხის პატრონი, „ულვაშა“ ძალიან მაგარი იყოო, ამბობდა...
სხვათა შორის, „ულვაშა სოსელო“ 1905 წელს ჩემს სოფელში მიტინგზე სიტყვითაც გამოსულა. იმ ღამეს სოფელში დარჩენილა, მისი ბოლშევიკი მეგობრის ოჯახში, სადაც მეგობრის და, ულამაზესი მადია კალანდაძე გაუცნია და თავდავიწყებით შეჰყვარებია, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ამაზე მერე მოვყვებით.
ბოლო ხანებში სტალინის სიცოცხლის უკანასკნელი ჟამის ამბებს რომ ვამზეურებდი, მის თავგადასავალს კარგად რომ ჩავუღრმავდი, ძველ ვიდეოებს ვუყურე და იმდროინდელი დოკუმენტები გადავათვალიერე, გაგეღიმებათ და ცრემლები წამსკდა, ისეთი ბუმბერაზი კაცი ყოფილა „ულვაშა“ და თან ტრაგიკული ბედის ქართველი.
სტალინი, ისტორიის ჭრილში, საბოლოოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ჰუმანისტი ლიდერი თავის დროში, რადგან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაზე, მისი სტრატეგია მიზნად ისახავდა მსოფლიო დემოკრატიას და ხალხთა უსაფრთხოებას.



