ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
ვერც რამე ისწავლეს და ვერც რამე დაივიწყეს! ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
ავტორი
თეიმურაზ ქორიძე

ვერც რამე ისწავლეს და ვერც რამე დაივიწყეს!
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის...
ხელჩართული დაპირისპირებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მსოფლიო მასშტაბით რაიმე სიახლე სულაც არ გახლავთ. შესაბამისად, ამ მხრივ, ჩვენც სატრაბახო ბევრი არაფერი გვაქვს. შეგვიძლია გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, თვით იაპონიის ანალოგიური მაგალითები. თუმცა, შეგვიძლია იმით ვიამაყოთ, რომ ამ მშვიდობიანი ხელჩართული ომებისას დედის გინება მხოლოდ მშობლიურ ქართულ პარლამენტში ისმის. და რაც მთავარია, ვერავინ გაგვეჯიბრება ამგვარი ინციდენტების სიუხვეში.
არის კიდევ ერთი ძირეული განსხვავება_ცივილიზებული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში ამგვარი დაპირისპირებები, ძირითადად, ხდება პოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებელი პოზიციების გამო, ჩვენთან_პოლიტიკური უსუსურობის გამო და თავის გამოჩენის მიზნით.
ამის კლასიკური მაგალითი გახლდათ ქართული პარლამენტის 26 ივნისის სხდომა, სადაც წლიური ანგარიშით წარსდგა პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მსოფლიოს უკლებლივ ყველა მეტნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანაში პრემიერის მოხსენებას უდიდესი გულისყურით უსმენენ, აანალიზებენ და მერე კოლეგების წინაშე გამოდიან მის მხარდასაჭერად, ან, თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ_კარგად მოფიქრებული, დასაბუთებული კრიტიკით.
ჩვენთან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ჩემი მოსაზრებებით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მოდი, ვნახოთ, რას ბრძანებს ამის თაობაზე ანალიტიკოსი ნანა კაკაბაძე:
„(ქართული) ოპოზიციისგან დღემდე ერთხელაც არ მოგვისმენია საზოგადოებისთვის იმის ალტერნატიული შეთავაზება, რასაც უწუნებენ ხელისუფლებას.
მაგალითად, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, რა პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან მიმართებით; როგორ დაეხმარებოდნენ უფრო მეტად უკრაინას ისე, რომ საქართველოსთვის არ შეექმნათ საფრთხე; რას შეცვლიდნენ ეკონომიკაში; საიდან მოიტანდნენ პენსიების გაზრდისთვის საჭირო თანხებს; როგორ გააძლიერებდნენ (ან შეასუსტებდნენ) კრიმინალთან ბრძოლას; როგორ მიაღწევდნენ იმას, რომ ქვეყანაში მთლიანად ამოეძირკვათ სიღარიბე და აღარ ყოფილიყო არც ერთი მოშიმშილე ბავშვი;
რა ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამდნენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად...
მათი ერთადერთი მიზანია, უკმაყოფილო ხალხის დიდი მასის (100, 200 ათასი ან მეტის) მობილიზებისთვის პირობების შექმნა, მასობრივი დესტაბილიზაციის მოწყობა და რევოლუციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. შემდეგ საკუთარ გამარჯვებაზე მორგებული პირობებით „ლეგიტიმური არჩევნების“ ჩატარება, რასაც მათი ლობისტი და დამფინანსებელი დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში „გაუპრავებს“.



