
იმას რა სჯობს, როცა 45 ოჯახს ახალი ბინით გააბედნიერებ
თბილისის მთავრობის გუშინდელი სხდომიდან
დღეს შესაძლებლობა გვქონდა, ჩუღურეთის რაიონში 45 ოჯახისთვის გადაგვეცა საცხოვრებელი ფართები ახლად აშენებულ შენობა-ნაგებობებში. მიხარია, როცა ამ ადამიანებს ვეხმარებით. ჩვენი დაპირება იყო, რომ მივხედავდით ასეთ ოჯახებს, მოვაწესრიგებდით შენობებს და ა.შ. დაპირებებს ეტაპობრივად ვასრულებთ. ყველა ვართ ბედნიერები, როცა ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით უამრავ ოჯახს აბედნიერებ.
X X X
თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, რეხის ქუჩა N6-ში საბავშვო ბაღს ააშენებს. 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა. ბაღში განთავსებული იქნება ექვსი სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას მიიღებს 180-მდე აღსაზრდელი. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, პანდუსებითა და ლიფტებით; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბეები და დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები; ბაღს ექნება სპორტული და მუსიკალური დარბაზები მეთოდური მუშაობისთვის, ასევე, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ეზო ღია აქტივობებისათვის.
X X X
დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. ამასთან, მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.
X X X
დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა. ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე. ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება.
X X X
ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი -- საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის 17 სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ფესტივალში, თითქმის ყველა სახეობაში, ძალიან ღირსეულად, აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი, რომელიც პირველი ეროვნული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა.
X X X
თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით. წელს პირველად, 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. მონაწილეები 10:00 საათიდან შეიკრიბებიან, ხოლო უშუალოდ აქტივობა 11:00 საათზე დაიწყება.
X X X
12 ივნისს, „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი. მასზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
X X X
თბილისის მერიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორობით, როდესაც დაიწყება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალები, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ყველა მატჩის ჩვენებას. ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. მინდა, მადლობა ვუთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამ შემოთავაზებისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე. ნაკლების ჩვენება.



