ეროვნული აზროვნების პრობლემა ტყუილია, ხმაურის, ტრაბახის ქვეყანა წაკითხულის გააზრების კრიზისი
ერის შეურაცხყოფად სიმართლის თქმა ვერ ჩაითვლება. ნამდვილი შეურაცხყოფა ის მდგომარეობაა, როცა თაობები სკოლას ამთავრებენ, დიპლომებს იღებენ, სოციალურ ქსელში თავდაჯერებით კამათობენ, მაგრამ ტექსტის, კანონის, პოლიტიკური განცხადების თუ საერთაშორისო პროცესის გააზრება უჭირთ. დაავადების დამალვა გამოსავალი არასდროს ყოფილა.
ავტორი
ირაკლი ყიფიანი

ეროვნული აზროვნების პრობლემა
ტყუილია, ხმაურის, ტრაბახის ქვეყანა
წაკითხულის გააზრების კრიზისი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ღრმა და ნაკლებად აღიარებული პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური სიღარიბე, პოლიტიკური პოლარიზაცია ან ინსტიტუციური სისუსტე არ გახლავთ. ყოველივე ამის უკან გაცილებით ფუნდამენტური, წაკითხულის გააზრების კრიზისი დგას. საზოგადოება კითხულობს სიტყვებს, მაგრამ ხშირად ვერ კითხულობს აზრს; ხედავს წინადადებას, თუმცა ვერ აღიქვამს კონტექსტს; იღებს ინფორმაციას, მაგრამ უჭირს მნიშვნელობის გადამუშავება. სწორედ აქ იწყება ინტელექტუალური ნგრევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში ისტერიკად, სოციალურ ქსელში აგრესიად, მედიაში მანიპულაციად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მარადიულ გაუგებრობად გვიბრუნდება.
ზემოთქმული ემოციური შეფასება ან ვინმეს შეურაცხყოფის სურვილი სულაც არ არის. საქმე გვაქვს მონაცემებით დადასტურებულ რეალობასთან, რომლის წინაშეც თვალის დახუჭვა უკვე თვითმოტყუებას უდრის. PISA 2022 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების საშუალო შედეგი კითხვაში 374 ქულაა, მაშინ როდესაც OECD-ის საშუალო 476 ქულას შეადგენს. ქართველი მოსწავლეები OECD-ის საშუალოს ჩამორჩებიან არა მხოლოდ კითხვაში, არამედ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც. პრობლემა ერთი კონკრეტული საგნის ფარგლებს სცდება და განათლების მთლიანი არქიტექტურის სიგნალად იქცევა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა საკუთარ მომავალ თაობას აზროვნების საბაზისო ინსტრუმენტებს სათანადოდ ვერ აძლევს.
რეიტინგულადაც სურათი მძიმეა: PISA 2022-ის მონაცემებით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში მონაწილე ქვეყნებისა და ეკონომიკების ქვედა ნაწილშია მოქცეული და 81 ქვეყანასა და ეკონომიკას შორის 67-ე ადგილს იკავებს. მოცემულობა უკვე არა მხოლოდ დაბალი ქულის, არამედ საერთაშორისო შედარებაში სისტემური ჩამორჩენის მაჩვენებელია.
კიდევ უფრო საგანგაშოა მეორე მონაცემი: ჩვენთან მოსწავლეების მხოლოდ 33 პროცენტი აღწევს კითხვაში მეორე დონეს ან უფრო მაღალს, როცა OECD-ის საშუალო 74 პროცენტია. მეორე დონე ელიტარულ აკადემიურ მწვერვალს არ წარმოადგენს, იგი მინიმალური ზღვარია, სადაც მოზარდმა უნდა შეძლოს საშუალო სიგრძის ტექსტის მთავარი აზრის ამოცნობა და პირდაპირ მოცემული ინფორმაციის მოძებნა. როდესაც ხსენებულ ზღვარს მოსწავლეთა მხოლოდ მესამედი აღწევს, ცხადი ხდება სისტემის უუნარობა, ბავშვებს ტექსტთან და აზრთან დამოუკიდებელი ურთიერთობა ასწავლოს.



