ქვეყანა ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა...
თითქოს ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთისა არ გვესმის; ერთი და იგივე საგანს ვუყურებთ და სხვადასხვა რამეს ვხედავთ; ერთ ფერს ვინ შავად აღიქვამს, ვინ-თეთრად; ერთსა და იმავეს ვისმენთ და სხვადასხვა დასკვნას ვაკეთებთ...

ქვეყანა ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა...
თითქოს ერთ ენაზეmვლაპარაკობთ,
მაგრამ ერთმანეთის არაფერი გვესმის!
დადგა ზაფხული, საშვებულებო პერიოდი და საქართველოს პარლამენტმაც დაასრულა საგაზაფხულო სესია მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ერთწლიანი ანგარიშის მოსმენით, დაასრულა არაორდინალურად: მონატრებული საპარლამენტო ღრიანცელით, მუშტი-კრივით, დედის გინებით...
რა მოხდა! ასეთები გვინახავს ჩვენზე უფრო დალაგებული ქვეყნების პარლამენტებში? იაპონიაშიც კი დეპუტატები ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ...
მაშ, რატომ გამოიწვია ჩვენთან ამ სიახლემ ასეთი ვნებათაღელვა?! ხმაური? აშკარაა იმიტომ რომ თავად ეს ამბავი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ იყო ინსპირირებული ერთადერთი განზრახვით_არდადეგების პერიოდში სახმაურო არ შემოკლებოდათ, ოპოზიციის (ან მათი კურატორების) მიერ შემუშავებული გენერალური ხაზი გაგრძელებულიყო. ამის დასტურია ისიც, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს. „ეს სისტემური დანაშაულის გამოვლინება, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო",_განმარტავს დეპუტატი გიორგი შარაშიძე.
რაც შეეხება „სისტემურ დანაშაულს". მრავალი მხრიდან შემოუარა „ქართულ ოცნებას" შიდა და გარე ოპოზიციამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე. მრავალჯერ სცადეს არჩეული ხელისუფლების შეცვლაც და დამხობაც რეზოლუციებით, სანქციებით თუ ძალადობრივი გზით_რევოლუციებით... ყოველ ჯერზე იგონებდნენ ახალ-ახალ გენერალურ ბრალდებას ხალხის ასაღელვებლად და ქუჩაში გამოსაყვანად_არჩევნების გაყალბება, არალეგიტიმურობა, ავტორიტარულობა, კორუფციულობა, იზოლაციურობა, დიქტატორულობა... მაგრამ არ იქნა და არ ეღირსა ამ ხალხს გამოღვიძება! დადგა ახალი ბრალის წამოყენების დრო და, აი, ისიც_სისტემური ძალადობა!
დიახაც დასაგმობი ძალადობა და უფლებამოსილების გადაჭარბება ძალოვანთა მხრიდან, თურმე, სულაც არ არის ცალკეული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, ინდივიდუალური ფაქტი! ეს ყველაფერი სწორედ რომ ზედა ეშელონებიდანაა არათუ ნებადართული, არამედ ნაკარნახევი. პარლამენტის ბოლო სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ფარულავას (გახარიას პარტია) გალახვაც სწორედ ამის დასტურია. არადა ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როგორი გააფთრებით შემობრუნდა იგი წინა რიგიდან და მის ზურგს უკან მჯდომ ოცნების დეპუტატს ირაკლი ხელაძეს დაესხა თავს. და, ბუნებრივია, ატყდა ამბავი...
მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე მასობრივ ჩხუბში, ზოგი ერთმანეთს ურტყამდა, ზოგი აშველებდა, ზოგიც იგინებოდა.



