თურქეთის ნატოში გაწევრების სისხლიანი საფასური
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.

თურქეთის ნატოში გაწევრების სისხლიანი საფასური
რა დაუჯდა თურქეთს ნატოს წევრად მიღება? ახლა სწორედ ის დროა, გავიხსენოთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი საკმაოდ დავიწყებული უპრეცედენტო ისტორია, როცა ის კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულ ომში აშშ-ის მხარეზე მონაწილებოდა და რომელიც ანკარისათვის ძალიან სისხლიანი გამოდგა.
1950 წლის 25 ივლისს თურქეთის მთავრობამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თავის ჯარებს კორეის საომარი მოქმედებების თეატრში გაგზავნის. ოფიციალურად, თურქული სამხედრო კონტინგენტი 5 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით გაეროს სამხედრო ძალების ჩარჩოებში მოქმედებდა, მაგრამ რეალურად თურქები აშშ-ის სახმელეთო დივიზიის „ტროპიკულ ელვის“ სარდლობას ემორჩილებოდა. ამ პრელიუდიას კი წინ უძღოდა ცივი ომის ადრეული პერიოდის საგარეოპოლიტიკური მანევრები, რომლებიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო.
იოსებ სტალინი და მუსტაფა ქემალი: „მეგობრობა გზად და ხიდად?“
1925 წლის დეკემბერში სსრ კავშირმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ნეიტრალიტეტისა და თავდაუსხმელობის შესახებ. იმ დროიდან მოყოლებული, ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობა უკონფლიქტო არ ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში მეგობრული იყო. მუსტაფა ქემალი ათა-თურქი და იოსებ სტალინი იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, შეიძლება ითქვას, ახალბედებიც იყვნენ და იმავდროულად გარიყულებიც. ისინი ანტანტის წევრ სახელმწიფოებს (დასავლეთს) თავიანთ ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეებად თვლიდნენ. როგორც იზოლირებული ქვეყნები, ორივე ერთმანეთის პარტნიორობისაკენ ისწრაფვოდა. მოსკოვი თურქეთს აწვდიდა დანადგარებს საფეიქრო მრეწველობისთვის, უზიარებდა ტექნიკურ ცოდნას და სამუშაოდ გზავნიდა საბჭოთა ინჟინრებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკას უკიდურესად ესაჭიროებოდა ეკონომიკის მოდერნიზებაში. მუსტაფა ქემალ ათა-თურქისა და იოსებ სტალინის ურთიერთობა აგებული იყო ერთმანეთის პატივისცემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისათვის იყო საზღვრების აღიარება - მშვიდობიანი მეზობლობის ერთ-ერთი მთავარი პირობა.
მაგრამ იმავდროულად შენარჩუნებული იყო თურქეთის ტრადიციული კავშირები გერმანიასთან, რაც გაგრძელდა 1933 წლის შემდეგაც, როცა გერმანიის ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ეს ფაქტი საბჭოთა კავშირისათვის შემაშფოთებელი იყო. მესამე რაიხის დიპლომატები, უპირველესად კი გერმანიის ელჩი თურქეთში ფრანც ფონ პაპენი - ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ადოლფ ჰიტლერს დახმარება გაუწია ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულიყო, დიდ ძალისხმევას ახმარდა თურქეთისა და გერმანიის ურთიერთობის გაღრმავებას, თუმცაღა ანკარას თავისი ინტერესებიც ჰქონდა, რაც ბერლინს მაინცდამაინც არ მოსწონდა. რადგანაც თურქეთს სურდა ეკონომიკური კავშირების გაფართოება გერმანიასთან, მან 1933 წლიდან ფართოდ გაუღო კარი ნაცისტური გერმანიიდან გაქცეულ მიგრანტებს - ბევრ გერმანელ და ებრაელ მეცნიერს, ინჟინერს და ინტელექტუალს: ისინი თურქულ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, მუშაობდნენ თურქულ კომპანიებში და ხელს უწყობდნენ თურქული სახელმწიფოს მოდერნიზებას ათა-თურქის ხედვების საფუძველზე. ფაქტიურად, გერმანული სამეცნიერო-ტექნიკური მიგრანტები საბჭოთა ინჟინრების კონკურენტად იქცნენ თურქულ ეკონომიკურ ფრონტზე.



