ღრენები და კბენები ფასთა და ჯარიმათა ირგვლივ
რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. დაბალია ხელფასები, თუმცა, არა ყველასი, მაგალითად, პარლამენტარის. დაბალია პენსიები, მაგრამ სრულიად ერთნაირია ჯარიმები, რომლებიც მძღოლებისთვის კიდევ უფრო გამკაცრდა, 1 მაისიდან თითქმის გაორმაგდა..
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი

წკეპლა მათრახში არ გადაიზარდოს!
სიკვდილს... მაინც სიღარიბე სჯობს!
ღრენები და კბენები ფასთა და ჯარიმათა ირგვლივ
მსგავსი აზრთა ჭიდილი, რაც ფასების საკითხმა გამოიწვია, უკანასკნელ პერიოდში სხვა არ მახსოვს. რაც მთავარია, ეს თემა სპეკულაციის, პოლიტიკური აბრაკადაბრის საჩიჩხინოდ იქცა. ჩვენი ოპოზიციონერები, იმის მიუხედავად, რამე გაეგებათ თუ არა ამ დარგში, თავს ვალდებულად თვლიან ტრიბუნაზე შედგნენ და "საკუთარი აზრი" გამოთქვან, ან ტელეეკრანით "გაანათლონ მოსახლეობა". ეს იოლია, ფასები ყველაზე ხელწამოსაკრავი თემაა...
სამთვიანი მუშაობის შემდეგ გამოქვეყნდა ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც "პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია და არა გადაჭარბებულ მოგებაში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს, იმპორტიორსა და მიმწოდებელს".
კომისია რეკომენდაციას აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მოხდეს არა აგრესიული, არამედ რბილი ჩარევა და ფასების ადმინისტრირება.
საპარლამენტო კომისიის დასკვნა მიუღებელია ოპოზიციისთვის, გულს უჩქარებს და თავს ატკივებს... რადიკალური ოპოზიციის აზრით (ნიკა გვარამია), კომისიის მუშაობის პერიოდში სრულიად სხვა იყო ჩაფიქრებული და სრულიად სხვა განწყობა იგრძნობოდა: "ყველაფერი უნდა დაბრალებოდა ბიზნესს და ფასნამატის ჭერი დადგენილიყო. ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, მასში ასახული სისულელეების მიღმა, გულისხმობს მთავარს - საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყუებიან, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალი უფროა"...
რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია არ ცნობს არც პარლამენტს და მის კომისიებს, არც მთავრობას, მაგრამ თავისი "მოღვაწეობის" ასპარეზად მაინც მათი გადაწყვეტილებების კრიტიკა გაუხდია, ნაცვლად იმისა, საკუთარი წარმატებებით, ნაკეთები საქმეებით აწონებდნენ თავს ამომრჩეველს, გარდა მოხშირებულ-მომრავლებული ევროპული რეზოლუციებისა, რომელთა პირველ წყაროს სწორედ ისინი წარმოადგენენ.
გაცილებით საყურადღებოა "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, პარლამენტარ გურამ მაჭარაშვილის მოსაზრება ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესახებ: "კომისიის ეს დასკვა არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც თვით ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს, სადაც საუბარი იყო კარტელურ გარიგებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ იყო და, შესაბამისად, ფასები იმიტომ იყო ზოგიერთ პროდუქტზე ძალიან მაღალი. იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია პროდუქტებზე ფასი, ვიდრე ევროპაში და ჩვენი კომისიის დასკვნებში ეს ყველაფერი ვერ დავინახეთ აღსრულების თვალსაზრისით. ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა, პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება. ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს."



