კამერები, ყველგან კამერები!!!
მეგონა, რომ საპატრულო პოლიციის მთავარი მიზანი დარღვევის თავიდან აცილება იყო და არა დამრღვევის დასჯა!?

კამერები, ყველგან კამერები!!!
რას ემსახურება საგზაო პოლიცია?
არაფერი ახალი, უცნაური ან საინტერესო:
26 მაისს, 15 საათსა და 18 წუთზე, კახეთიდან თბილისში მომავალი გურჯაანში საგზაო წესების დარღვევისთვის პატრულმა დამაჯარიმა.
პატივცემულმა პატრულ-ინსპექტორმა (იური პირზადოვი) 50-ლარიანი ჯარიმის ქვითარიც ოპერატიულად გამომიწერა და სიტყვაძუნწად ისიც მირჩია, სხვა დროს მეტი ყურადღება გამოიჩინეო.
ღმერთმა დამიფაროს, არავითარი პრეტენზია - მოძრაობის წესები მართლაც დავარღვიე და, შესაბამისად, დავისაჯე კიდეც...
დღეს სხვა უცნაურობებზე მინდა ვთქვა ორიოდე ტკბილი სიტყვა.
დარღვევის ადგილი არის გურჯაანიდან თბილისისკენ გამოსასვლელი (გნებავთ, თბილისიდან გურჯაანის ცენტრში შესასვლელი) გზაჯვარედინი, სადაც ავტომობილების მოძრაობას შუქნიშანი არეგულირებს. მეც, თელავის მხრიდან მომავალმა, როგორც წესია, წითელ შუქზე გავაჩერე, მწვანეზე დავიძარი, გზაჯვარედინი გადავკვეთე და ზიარი-ქოდალო-არაშენდისკენ მიმავალ აღმართს შევუდექი. უფრო ზუსტად, დავაპირე აღმართს შევდგომოდი, რომ სასწრაფოდ საპატრულო ავტომობილი დამეწია და გაჩერება მომთხოვა. დანარჩენი უკვე გითხარით...
საქმე ის არის, რომ ახლახან ამ გზაჯვარედინზე დაუყენებიათ საგზაო ნიშანი, რომელიც (პირობითად) თელავის მხრიდან მომავალი ავტომობილისთვის გზაჯვარედინის გადაკვეთას კრძალავს. ანუ მე, ვინც თელავიდან თბილისში არაშენდის გავლით მგზავრობას ვაპირებ, უნდა შევიდე გურჯაანში, გავიარო დაახლოებით ნახევარი კილომეტრი, მოვტრიალდე ქალაქის ცენტრში, გავიარო ისევ ნახევარი კილომეტრი, გავჩერდე გზაჯვარედინზე და მერე გადავუხვიო არაშენდისკენ მიმავალ გზაზე! და ეს უნდა გავაკეთო მაშინ, როცა ობიექტური საგზაო მონაცემებით, ამის აბსოლუტურად არავითარი აუცილებლობა არ არსებობს!
ამის გარდა, მართალია, არსებობს საგზაო ნიშანი, რომელიც მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობის უფლებას გიტოვებს, მაგრამ ეს არ აისახება შუქნიშანზე, რომელიც გზაჯვარედინის გადაკვეთის უფლებას გაძლევს.
კიდევ ერთი უცნაურობა, უფრო ზუსტად, არცთუ შორეული საბჭოთა „ავტოინსპექციური“ გადმონაშთი - გურჯაანის ამ გზაჯვარედინზე მუდმივად მორიგეობს საპატრულო პოლიცია, რომელიც მშვიდად და რუდუნებით ელოდება დარღვევას, რომ მერე ჯარიმა გამოწეროს და ამით ბიუჯეტში თავისი წვლილი შეიტანოს. ხაზს ვუსვამ - პოლიცია გზაჯვარედინის მიმდებარედ დგას არა სავარაუდო დარღვევის თავიდან ასაცილებლად, არამედ ჩასაფრებულია პოტენციური დამრღვევის დასაჯარიმებლად! არადა, მეგონა, რომ საპატრულო პოლიციის მთავარი მიზანი დარღვევის თავიდან აცილება იყო და არა დამრღვევის დასჯა.
გურჯაანის ეპიზოდი სამაგალითოდ მოვიყვანე, თორემ თბილისში გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაა. მაგალითად, ამას წინათ ისევ 50-ლარიანი ჯარიმა დავიმსახურე აბანოთუბანში ველოსიპედის სავალი ნაწილის გადაკვეთისთვის. არადა, მას შემდეგ ხუთჯერ მაინც შევამოწმე - არავითარი ველობილიკი ამ უბაში არ არსებობს!
კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა თბილისის ნებისმიერ უბანში ავტომობილის გაჩერებასთან დაკავშირებით.
ახლა ერთი არცთუ მოკრძალებული შეკითხვა ხელისუფლებას: თქვენი ხელფასიდან გამომდინარე (6-დან 16 ათასამდე ლარი თვეში!), 50 და, თუნდაც, 500 ლარი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ხანდაზმულ თანამოქალაქეზე, მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანას უანგაროდ რომ ემსახურა და 500-ლარიანი პენსიის იმედით სულდგმულობს, არასოდეს გიფიქრიათ?
თეიმურაზ ქორიძე,
საქართველოს დამსახურებული
ჟურნალისტი.



