
მართალი უკუნეთს ანათებს
„უწოდე სნეულს სნეული;
და გაგეცლება სნეულება:!
ლაო-ძი.
"ვაჰ, სოფელო, რა შინგან ხარ"!..
ხელისუფალნო, იქნებ ინებოთ შემზარავი სიმართლით სავსე ამ წერილის წაკითხვა
სამყაროს ჭკუა ხნავს და ჭკუა თესავს. საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში უშეცდომოდ მოქმედებენ; ქართველებს ღირსება დაგვიბრუნეს. მიხარია, როცა საქართველოში ახალგაზრდებს ქართველობა უხარიათ; ამაყობენ კულტურული, პოლიტიკური, სპორტული, ეკონომიკური წარმატებებით. შენდება და მშვენდება ჩემი ქვეყანა. ვინც ვერ ხედავს, ბრმაა. ტელევიზიით მოვისმინე, ბიძინას გაუნათლებელი ხალხია ხელისუფლებაშიო. მე, პირადად, გაკეთებული საქმეებით ვაფასებ ადამიანებს. გონებაში ის უჯრედები თუ არ მუშაობენ, რომლებსაც ცოდნის გადამუშავება ევალებათ, ცოდნა ორმოში ჩაყრილი ოქროა. ვიცნობ ასეთ ადამიანებს; ცოდნა დიდი აქვთ და ჭკუა – პატარა.
დღევანდელი ხელისუფლება ატარებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ, უზადო, პოლიტიკას. არ დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. გასული სამი–ოთხი საუკუნის განმავლობაში ევროპული იმპერიები დედამიწის ყველა კონტინენტს სძარცვავდნენ. დარწმუნებული ვარ ეს იცით, მაგრამ არ ცდილობთ გაიგოთ, რომ ადამიანის ბუნება გაღიმებით არ იცვლება; ძველი იმპერიები შორიდან იღრინებიან.
სახარება გვეუბნება: "ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებას, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შიგნიდან კი მტაცებელი მგლები არიან".
ევროპაში დემოკრატია რომ არ არსებობს, ამას დღეს ამერიკის ხელისუფლებაც ამბობს. ლიბერალებს თავისუფლების მრუდე დეფინიცია აქვთ დამუშავებული და ადამიანს არ არის მორგებული (მაპატიეთ, მსგავს საკითხებზე ფაქტების გარეშე არ ვსაუბრობ ხოლმე დღეს, ამ წერილს, სხვა დანიშნულება აქვს და თქვენი ნებართვით, გავაგრძელებ): ლიბერალურ თავისუფლებას, შეიძლება, ცხოველური თავისუფლება ვუწოდოთ: ის ადამიანს ადამიანობიდან ათავისუფლებს.
ლამაზი სიტყვაა თავისუფლება. ჭეშმარიტების დასადგენად ცნების არსში ღრმად ჩახედვაა საჭირო, რათა ლამაზი სიტყვებით, ხიბლში არ ჩავვარდეთ. იდეოლოგიურ ზომბებსა და ფულზე გაყიდულებს სიღრმეებში ჩახედვის უნარი არ გააჩნიათ. გონება წართმეული აქვთ და დაჭყეტილი თვალებით ერთხელ შთაგონებულ სიტყვებს იმეორებენ. კამათისას შეუბრუნეთ სიტყვა და დაინახავთ, როგორ შეეცდებიან ნაცნობ რელსებზე დაბრუნებას. ცოტაოდენი იმედიც რომ მქონდეს, ვურჩევდი ეროვნულ ხელისუფლებას მხარში დაუდექით, მტერი გააწბილეთ მეთქი, მაგრამ... სიტყვა – „მტერი“ გეხამუშებათ, არა?!.. თქვენ იმ იდეოლოგიას ემსახურებით, რომელიც ერისა და კაცობრიობის მტერია. ამას ვერ გაიგებთ თუ არ დაფიქრდით და ვერ დაფიქრდებით, რადგან გონება იდეოლოგიურ ტყვეობაში გაქვთ.
წარმოიდგინეთ, ხალხს როგორ გაუხარდება, ხელისუფლება, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ერთად შეეჭიდებით გამოწვევებს და თქვენს ბატონებს დამცინავად გახედავთ, საცოდავები ხართ, როცა რამოდენიმე ელჩს, ევროპიდან, უთავმოყვარეოდ, ცუნცულით უკან დაჰყვებით.
სხვის ომში ბევრჯერ გვიომია, მაგრამ ნეოლიბერალური ევროპისთვის თავის გაწირვა, ღმერთის, ერისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან მათი იდეოლოგია ანტიღვთიური, ანტიეროვნული და ანტისაკაცობრიო მოვლენაა. უკრაინის მაგალითი სახეზეა და გონებრივად ბეცი ადამიანი ჭეშმარიტებას ვერ ხედავს.
რამდენიმე დღის წინ, ტელევიზიით დებატებისას, იდეოლოგიური ტყვეები ისევ ნატოში შესვლაზე და ევროკავშირის მიერ ჩვენს დაცვაზე საუბრობდნენ. ისტერიული შიში, რუსეთისა, ევროპას თავზარს სცემს. უკრაინას ამოფარებულები უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეწინააღმდეგებიან, რადგან სხვისი ხელით ნარის გლეჯა უმტკივნეულოა.
უკრაინა და საქართველო ყოველთვის ევროპის აღმოსავლეთით იქნებიან. აღმოსავლეთით არის რუსეთიც და ჩინეთიც, რომლებსაც ევროპა მტრებად მიიჩნევს. ევროპას ფარად ვჭირდებით რუსეთთან ომის დროს. უფლება არავის აქვს, საზარბაზნე ხორცად გვაქციოს. ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი საქართველოსა და უკრაინას თავზე ვერ გადაახტება. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ამერიკის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, ევროპისაც, რუსეთისაც და ჩინეთისაც! მივმართავ ლიბერალებს: რუსეთით ქართველების შეშინებას თავი დაანებეთ. რუსეთმა თუ ომი დაგვიწყო, არც ერთი ევროპელი თითს არ გაანძრევს, ამის მაგალითები გვაქვს. მიმაჩნია, რუსეთს საქართველო დამოუკიდებელი უფრო სჭირდება, იმედია ამას რუსები აცნობიერებენ.
გამარჯვებული კაცი თავდახრილი ვის უნახავს? უკრაინას შეეძლო გამარჯვებული ყოფილიყო. უბრალოდ, ეროვნული ინტერესებით მოქმედება იყო საჭირო და არა – იდეოლოგიური მიზნებით.
პუტინი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ვინც უკრაინა ასაოხრებლად გაიმეტა, უკრაინის მტერი ის არის. ნატოში მიღების ძახილით გაბრუებულ ხალხს საღი აზროვნების უნარი დაეკარგა. უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება დასავლეთის ინტერესებში არ შედიოდა. ისე ჩაგვაბეს რუსებთან ომში, მათ გულწრფელობაში ეჭვი არ გაგვჩენია. რატომ? სულელები ვართ? - იდეოლოგიურ ზომბებს ერთი უბედურება სჭირთ: პატრონებს უარს ვერ ეუბნებიან. უკრაინელმა ლიბერალებმა სამშობლო მაიდანზე გაწირეს, იმედი მაქვს, საქართველო „რუსთაველზე“ არ ჩამოიხრჩობს თავს.
„ქართულმა ოცნებამ“ პროცესი უნდა დაასრულოს; სუვერენულ სახელმწიფოთა შორის საქართველოს ღირსეული ადგილი დაუმკვიდროს. მე ვერ ვხედავ, სხვა, მზაობაში მყოფ პარტიას, ამ მისიის შესრულება რომ შეეძლოს. ხელისუფლება, ვინმეს მახათივით თუ ესობა თვალში, უნდა მოითმინოს.
საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლების წარმატებამ არ უნდა გადაფაროს შიდა პოლიტიკაში წარუმატებლობა. მლიქვნელის სიტყვა ხელისუფლებას მრუდე გზაზე შეაყენებს, ხოლო მართალი კაცის სიტყვა მათრახია, რომელიც არავის სიამოვნებს. ოცდახუთი საუკუნის წინ ლაო-ძი წერდა:
ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი,
ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი.
არადა... მლიქვნელის ენის ლაქუცი ხელისუფალთათვის სასიამოვნოა, თუმცა, გემის ჩაძირვისას მლიქვნელნი პირველები გარბიან.
X X X
სახელმწიფოს შიდა საქმეებში ბევრი რამ დამალული და დაფარულია. რა გემართებათ, თქვე ოჯახაშენებულებო, კაცი ერთხელ მოდის ქვეყანაზე და ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ხელისუფალთა და მათთან დაახლოებულ პირთა მოგერიებაში ვარ. აქაოდა იგებსო, სასამართლოებსაც აღარ ატარებენ; რვა წელი მოსამზადებელი სხდომა არ ჩატარებულა. ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ბატონ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წართმეული ქონება, მისივე ხელისუფლების დროს სასამართლოთი დავიბრუნე. ყველა ხელისუფლება მებრძოდა იმიტომ, რომ რაღაც მეც გამაჩნდა.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო:
ბატონო ბიძინა, ჩემი ქონება თქვენს ქონებასთან რა მოსატანია, მაგრამ გამოცდილი გაქვთ, რა მტკივნეულია, როცა უსამართლოდ რაღაცას გართმევენ. ისევ თქვენი გარემოცვიდან ვიცი, ჩემს შესახებ ტყუილი ამბები მიჰქონდათ.
ისიც მითხრეს, რომ ცრუ დასმენისთვის ვიღაცეებს, ეჩხუბეთ კიდეც, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა.
მთავარი ღირებულება ადამიანია; არც ერი არსებობს ადამიანის გარეშე, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო.
ისევ ლაო-ძის შეგახსენებთ:
„მარადისობის შემცნობი; უწმიდეს სულს ფლობს. უწმიდესი სულის მფლობელი; სამართლიანობას ფლობს. სამართლიანობის მფლობელს, ხელმწიფება ხელეწიფება“.
სამშობლოს სუვერენიტეტისთვის ზრუნვა კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანების გარეშე, სამშობლო, უბრალოდ, მიწაა. იქ, სადაც ადამიანს ფასი აქვს, უსამართლოდ არ ექცევიან. მხოლოდ ჩემს თავზე გადამხდარ ამბავზე ვისაუბრებ, რადგან რასაც ვიტყვი, ვიცი რომ ცამდე მართალია:
X X X
ვიღაცას ჩემი საწარმოს გაჩერება მოუნდა, კანონიერი საფუძველი ვერ მოუძებნეს, ამიტომ არაკონსტიტუციური საფუძველი შექმნეს; ადმინისტრაციული კოდექსის 57’ მუხლში შეიტანეს ცვლილება; ინერტული მასალის დატაცებისთვის 1000-1500 ლარის ჯარიმის გადახდის ნაცვლად, "დანაშაულის იარაღის" კონფისკაცია დაადგინეს. დანაშაულის იარაღი ძვირად ღირებული კატერპილერის მარკის ექსკავატორია. ის წამართვეს და გამიყიდეს. ერთი კუბი ქვიშა-ხრეშის ამოღების გამო, რისი ფასიც იყო ოცი თეთრი. დარჩენილი ტექნიკა დალუქეს. შედეგი დადგა, სახელმწიფო სამსახურებმა დავალება პირნათლად შეასრულეს - პარლამენტიდან დაწყებული გარემოს ზედამხედველობის სამსახურამდე. ჯერი სასამართლოზე მიდგა, მცხეთის სასამართლომ ერთი კუბი ქვიშა-ხრეშის დატაცების გამო დამაკისრა 1500 ლარის ჯარიმის გადახდა; რაც იმავე დღეს გადავიხადე, იმიტომ, რომ ტექნიკაზე ლუქები აეხსნათ და მასალის გადამუშავება დამეწყო. ლიცენზიით შეძენილი რაოდენობიდან დარჩენილი იყო 50000 კუბ.მ. ინერტული მასალა და დრო, ამოღებისა, რვა თვე მქონდა. მეორე დღესვე გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ახალი სარჩელი შევიდა ზემდგომ ინსტანციაში, ექსკავატორის კონფისკაციის მოთხოვნით. გამჭრიახმა მოსამართლემ შონიამ თავისი დიდი გონებრივი შესაძლებლობით ჯარიმის გადახდით დანაშაული მაღიარებინა. რაც შემდგომი ინსტანციის მოსამართლეს გამოადგა; თუ ექსკავატორი შენი დავალებით არ მოქმედებდა, ჯარიმა რატომ გადაიხადეო. საბოლოოდ, გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში, მოსამართლე მურუსიძემ დაარტყა ბეჭედი და ოცთეთრიან ზარალში 1500 ლარიც გადამახდევინეს და 54000 დოლარად ნაყიდი ექსკავატორიც. აღტაცებული დავრჩი მოსამართლეების მხრიდან სახელმწიფოზე ზრუნვით. რა გაუჭირდება ჩემს ქვეყანას ამ მოსამართლეების ხელში? ნეტა, იმათ ტვინში ჩამახედა! თავმოყვარეობა იციან რა არის?... დადგენილებაში მურუსიძეს იმდენი მუხლი აქვს ჩამოთვლილი, მუხლებმა კანკალი დამიწყო, ვიფიქრე ჩუმად დახვრეტის მუხლიც ხომ არ მიიღეს, შვილი-შვილებთან გამოთხოვების უფლება მაინც მომცენ მეთქი. რა ვქნა, სახუმაროდ სად მცალია, მაგრამ საკეთებელიც რომ არაფერი დამიტოვეს!..
ყურადღება მიაქციეთ, ბატონებო, კანონში შეტანილი ცვლილებით რა უსამართლობა და უთანასწორობა დააკანონეს. სახელმწიფოზე ოცი თეთრის ზარალის მიყენების გამო მე 54000 დოლარის ღირებულების ექსკავატორი წამართვეს და თუ ვიღაც ტყეში, ცულით, ათასი ლარის შეშას მოსჭრიდა, იმას ცულს წაართმევდნენ! წარმომიდგენია იურისტები, პარლამენტში რა საცოდავად გამოიყურებოდნენ, როცა ასეთი დავალება მიიღეს...
რუსი მმართველებივით ნუ მოიქცევით, მეგობრებო, რომლებისთვისაც რუსეთი ღმერთია, ხოლო რუსი ადამიანი – ჭიანჭველა. ქართველები ჭიანჭველები ვერ ვიქნებით, როცა მოგინდებათ, ფეხით გაგვსრისოთ.
X X X
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონში ცვლილება არაკონსტიტუციურად სცნო და ჩემი მოთხოვნით გააუქმა. ევროპის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს მოსთხოვა ექსკავატორის შპს „ბექანასისთვის“ დაბრუნება. მე წართმეული ექსკავატორის დაბრუნებას ვითხოვდი. შესაბამისმა სამსახურმა ყალბი საფუძვლით დაადგინა ექსკავატორის ღირებულება – 36000 ლარი.
რატომ ყალბი? ექსკავატორი საწარმოს ეზოში იდგა, შესაფასებლად არავინ მოსულა. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის შედგენილ ოქმში მითითებულია, რომ ექსკავატორს წინა შუშა არ აქვს და სარკე გატეხილია. აგაშენათ ღმერთმა! დაზიანება ოქმიდან გადაუწერიათ და ფასი ექსკავატორისთვის ისე დაუდიათ, ლუქი არ მოხსნეს, ძრავი, ხიდები, ამწევ-დამწევი მექანიზმები არ შეუმოწმებიათ, საკუთარი სურვილით დაადეს ფასი - 36000 ლარი. ხომ გაგიგიათ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. მუშა მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა გამიყიდეს და ნაცვლად იმისა, იმავე წლოვანების ექსკავატორი გადმოეცათ, სასამართლომ საბურავების ფული მომცა. აფერუმ თქვენს სამართლიანობას!
ვინც გაცოდვილდა მთელი ქვეყნის ცოდვით,
გაწინამძღვრდა ცისქვეშეთში.
ვინც დაიტანჯა მთელი ქვეყნის ტანჯვით;
გამეუფდა ცისქვეშეთში.
ჭეშმარიტებას არ სჭირდება ღაღადი.
გვასწავლის ლაო-ძი.
გავბედავ და დავამატებ; ჭეშარიტება თავად ღაღადებს, ჩემი ბიძგი არ სჭირდება.
მეც ვიცი და – მოსამართლეებმაც, წარმოების გაჩერება სახელმწიფოს ინტერესში არ შედის. მაშ პარლამენტმა რატომ შეიტანა კანონში არაკონსტიტუციური ცვლილება? სტრასბურგის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა ეცნობებინათ, რა მიზეზით მოახდინეს ცვლილება კანონში. პასუხი იყო; აჭარაში ინერტული მასალის დატაცება ხდებაო. კანონი ერთ წელზე მეტ ხანს მოქმედებდა და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ჩემი საწარმო დაისაჯა. (ამის თქმის საფუძველი მაქვს). სახელმწიფო ინსტიტუტებში ადამიანები მუშაობენ? ასეთ ტყუილებს როგორ კადრულობენ? ადამიანობას ჩირის ფასი აქვს?
სამართლიანობა თუ ფეხებზე გკიდიათ, ბოდიში მაინც მომიხადეთ!
ესე ამბავი "საგმირო" ამით არ დასრულებულა. ჩემი წარმოების გაჩერებამდე, ქვიშა-ხრეშის გარეცხვის შედეგად გროვდებოდა თიხისა და ლამის ნარჩენი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიულ კვლევისთვის ნარჩენი გამოვწვით და აგურის საწარმოებლად ვარგისი გამოდგა. დამატებითი კვლევისთვის თიხისა და ლამის ნარევი თურქეთში, იზმირის აგურის ქარხანაში გავგზავნე. მივიღე პასუხი, რომ აგურის საწარმოებლად მასალა საუკეთესო იყო. შევაგროვე საჭირო დოკუმენტები და მივმართე ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ავუხსენი, რომ მცხეთის რაიონში ვფლობ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც მიგროვდება დიდი რაოდენობით ნარჩენი, რითიც შესაძლებელი იყო აგურის გამოწვა. "აწარმოე საქართველოში" პროგრამაში ჩამსვეს, დამპირდნენ იაფ ფულს, რასაც ამ პროგრამით ყველას აძლევდნენ, ხელშეკრულება გავაფორმეთ, წარმატებები მისურვეს და გამომიშვეს... პირველი დარტყმა ის იყო, რომ ფული ვერ მივიღე. ფინანსურად მთლიანად დამოკიდებული აღმოვჩნდი ჩემი საწარმოს შემოსავლებზე. მშენებლობის ვადა დავარღვიე, დრო გამიგრძელეს, და პირველი ეტაპის სამუშაო დავასრულე, მაგრამ მოხდა ის, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ კანონში არაკონსტიტუციური ცვლილების შეტანით, დანაშაული გაითამაშეს, ერთი კუბი ინერტული მასალა ამოაღებინეს ექსკავატორის მძღოლს, აქტი შეადგინეს და ტექნიკა დალუქეს. მოქმედი წარმოება გააჩერეს. ბანკებმა სესხის დაბრუნება მომთხოვეს. იძულებული გავხდი უძრავი ქონება იაფად გამეყიდა. აგურის ქარხნის მშენებლობა ვეღარ გავაგრძელე. მშენებარე ობიექტი წამართვეს, სადაც 500000 ლარამდე მქონდა დახარჯული. შპს "სამშენებლო კერამიკის" ანგარიშიდან მოხსნეს და წაიღეს 130000 ლარი. ბატონებო, შეგახსენებთ, რომ ოცი თეთრის გამო ხდება ჩემს თავს ეს ამბავი. ოცი თეთრის ინერტული მასალის დატაცება ჩემს ინეტერსში ვერ იქნებოდა, რადგან 50000 კუბი ლიცენზირებული ტერიტორიიდან ამოსაღები მქონდა, რომელიც ტექნიკის დალუქვის გამო დავკარგე. წარმოებამ, მაშინდელი ფასებით, 700000 ლარის შემოსავალი დაკარგა.
საგაზეთო პუბლიკაციისთვის საკმაოდ ვრცელი მასალა დაგროვდა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ შემოკლებას, მაგრამ უამრავი დეტალია, საიდანაც ჩანს, რომ ყველაზე დიდ ღირებულებებს, ადამიანსა და სამართლიანობას ფასი დაკარგული აქვს. რვა წელია სარჩელი შეტანილი მაქვს სასამართლოში და პროცესს არ იწყებენ. რა ვქნა, ვიტირო თუ ვიცინო?
ლაო-ძი ამბობს:
"ოდეს არსება უმაღლეს ძლიერებას აღწევს
სუსტდება და ხრწნა ეუფლება".
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება, ზემოთ მითითებულ მიზეზთა გამო, მე თავად მსურს და არ მინდა მათი ხრწნა ვიხილო, მაგრამ ორი ქარხნის გაჩერებით, ამ რვა წელში, მე და სახელმწიფომ რამდენი ზარალი ვნახეთ, აინტერესებს ვინმეს? გონს მოდით, ძმებო, თქვენი საქართველო ჩემი არ არის?!.. რამდენჯერ დავიწყო ყველაფერი თავიდან?
სახარება გვეუბნება: "მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი, რათა იყოთ თქვენი ზეციური მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართალსა და უსამართლოს".
და... ბოლოს, მინდა მივმართო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ მამუკა მდინარაძეს: ბატონო მამუკა, თქვენ ახალი მოსული ხართ მაგ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჯერ არ გაგონილ ჩემს ამბებთან ვერანაირად დაგაკავშირებთ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, თქვენი სამსახური ხელს ნუ შეუწყობს ახალგაზრდების ზნეობრივ დეგრადაციას! კომუნისტების დროს სოფელში სულ ორი–სამი კაცი იყო დამსმენი. დღეს მომრავლდნენ ასეთი კაცები. ძმა ძმას აღარ ენდობა, მეგობარი – მეგობარს, ნათესავი – ნათესავს, მეზობელი – მეზობელს. საქართველო რად გვინდა, თუ ზნედაცემული ახალგაზრდობა გვეყოლება? ადამიანებს შორის უნდობლობა, ბედნიერი საქართველოს საწინდარი ვერ იქნება. წლების მანძილზე, თითქმის, ყოველ დღე, პირშიშველი ბიჭები მანქანებით ჩემს ეზოსთან იდგნენ, დამენახებოდნენ და წავიდოდნენ. ეს დაშინების ერთ-ერთი მეთოდია. დაშინებული საზოგადოება საბჭოთა კავშირის დროს გვყავდა. ყველამ ერთად ხომ უარი ვთქვით იმ საზოგადოებაზე? რატომ მირეკავდნენ და დუმილით ცდილობდნენ ჩემ შეშინებას? ზოგი მხვდებოდა კიდეც და ჩემს დასანახად ფოტოებს მიღებდნენ. პატრიოტი კაცი ბრძანდებით, მიხედეთ ამ საქმეს! სუსმა ჩემნაირი კაცის დევნაზე დრო რატომ უნდა დაკარგოს, როცა ქვეყანაში ამდენი გამოწვევაა? სახარება გვეუბნება: "სხეულის სანთელი თვალია, ჰოდა, თუ თვალი შენი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება". შეიტანეთ უსაფრთხოების სხეულში ნათელი, რათა სამშობლოს ემსახუროთ და არა – ქორებს, რომლებიც სხვის წიწილებზე არიან დაგეშილები!
X X X
ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრა, რაღაც, ახალ სიყალბეს გიმზადებენ, ფრთხილად იყავიო. დათა თუთაშხიასი არ იყოს, "სიფრთხილე არ მაკლია მე". ჩემი დამცველი ამ ქვეყანაში მხოლოდ ღმერთია. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ისურვებდით ასეთ დამცველს, მაგრამ ღმერთს ერთი პირობა აქვს, მართლები უნდა იყოთ.

