ვინ შეიცვლის ქცევას?
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო რომ გამოაყოლოს ვინმემ!..
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი

ვინ შეიცვლის ქცევას?
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა
სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო რომ გამოაყოლოს ვინმემ!
გიგანტთა შერკინება-ასე შეიძლება დასათაურდეს ორი "დიდი" პოლიტიკოსის ეს ბრძოლა. შეტევა მწვავეა, დაუნდობელი, ურთიერთშეფასება-მართალი, უკან მოუხედავი, შედეგი-ფაქტობრივად ცხვირ-პირის დამტვრევაა მთელი ოპოზიციისთვის.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისის რევოლუციის მსგავსი, რიგითი მეჩხერი გამოსვლის შეფასებისას რუსთავის ციხის საკნიდან ნაციონალური მოძრაობის განუკითხავმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა გულამოსკვნილმა წაკბინა: ამაზე ბევრად მეტი ხალხი იყო მაშინ, როცა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრაცია დაშალა ამ უთავბოლო ნიკა მელიამო.
გვერდით საკანში მჯომმა შეურაცხყოფილმა ნიკამ არ დააყოვნა და წერილი აფრინა თავისუფლებაზე, რომელმაც ექსპრეზიდენტი, როგორც იტყვიან, მიწაში ჩადო: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ისტერესები არ არის, მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესებია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის დაკავებულიო.
როგორც მელია აღნიშნავს წერილში, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა საქართველოში ჩამოსულიყო, ხოლო მისი მისამართით დაუსრულებელი ტალახის სროლა და მის წინააღმეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უკრაინაში გაშვების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო ძალიან აწუხებს". ნიკას თქმით, ბევრი რამ ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის და რაც შეიძლება მალე უნდა შეიტყოს. სააკაშვილმა უნდა თქვას, ვინ არის ის ანონიმური „მოღალატე", ვინც საქართველოში ჩამოიყვანა ფარული გარიგებით, რომლის აღსრულების დასკვნით ეტაპზე, 2022 წლის ბოლოს ხელისუფლებამ გადააგდო და საპატიმროში ჩასვა. ხალხმა სიმართლე უნდა გაიგოს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ-ზეგ სააკაშვილისნაირად უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცესო. სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. მე ბევრი ამომრჩეველი მოვუპოვე ნაციონალურ მოძრაობას. ჩემდამი სააკაშვილის სიძულვილი ჩემმა მზარდმა ავტორიტეტმა განაპირობა. სააკაშვილს ჩემს მიმართ ეჭვიანობა ისე ახრჩობს, როგორც ყელზე შემოჭერილი მარყუჟიო.



