ზელენსკის სასაცილოდ ნამდვილად არა აქვს საქმე...
გაურკვეველია, რისი მიღწევა სურს ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომით - დათვის გაჯავრება უნდა მას თუ მშვიდობის მოწოდება.

ზელენსკის სასაცილოდ ნამდვილად არა აქვს საქმე...
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (თჰე New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა - თან დასცინა, თან სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივაა განხილული. რაც შეეხება თვითონ უკრაინის ლიდერის წერილის ტონს რუსი კოლეგისადმი, ექსპერტებმა უფრო ნეგატიურად შეფასეს, ვიდრე პოზიტიურად.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„როცა ხელისუფლებაში 26 წელი ხარ, ასაკი უკვე შენზე გავლენას ახდენს“ - ასე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი რუსი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში და წაიტრაბახა როგორც ამას წინათ სანქტ-პეტერბურგზე მიყენებული დარტყმით, ასევე სახმელეთო ოპერაციებში მიღწეული წარმატებით.
წერილში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული, რუსეთისადმი შეთავაზებულია სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება, მაგრამ სამწუხაროდ, შეთავაზებას თან ახლავს დაცინვა-ირონიები იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინს ბოლო დროს ფორტუნამ ზურგი შეაქცია: ფრონტებზე წარუმატებლობას განიცდის, ეკონომიკაში ინფლაცია მეფობს და რომ რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული გახდა. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინის ასაკს და შეიძლება ითქვას, თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნია.
უკრაინის პრეზიდენტი, ომის სხვადასხვა მომენტების დროს, წარსულშიც მიმართავდა თავის მოწინააღმდეგეს - ვლადიმერ პუტინს - პირადად და რუს ხალხსაც ზოგადად, როგორც ვიდეოთი, ისე ეპისტოლარული წესით, მაგრამ ბოლო წერილი, წინა მიმართვებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი და დამამცირებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლიდან 12 წელი უკრაინის წინააღმდეგ დახარჯა. ქრონოლოგიას უკრაინის ლიდერი 2014 წლიდან იწყებს - ყირიმის ოკუპირებიდან, შემდეგ კი აგრძელებს რუსეთის არმიის შეჭრით უკრაინაში - 2022 წელს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს და იქვე ხაზს უსვამს, რომ თუ კრემლი დათანხმდება, ეს სრულიად შესაძლებელია. უკრაინის ლიდერი ასევე მზადყოფნას გამოხატავს გაგრძელდეს შეხვედრები სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, რომლებიც ამჟამად შეწყვეტილია, ირანთან ომის გამო.

